June 30, 2024
განაცხადების მიღება ICOM-ის სამუზეუმო სწავლების საერთაშორისო ცენტრის (ICOM-ITC) საგრანტო კონკურსში (ოქტომბერი-ნოემბერი, 2024) განცხადება, წევრებისთვის
2024 წლის 23 ოქტომბრიდან 1 ნოემბრის ჩათვლით ICOM-ITC სასწავლო პროგრამა თემაზე „მუზეუმის მდგრადი მართვა: ადგილობრივი გამოწვევები და საუკეთესო პრაქტიკა!“ ჩატარდება ქალაქ ნანჩანგსა და ჯინგდეჟენში (ჯიანგსის პროვინცია, ჩინეთი).
სასწავლო ცენტრის მე-15 პროგრამის ფარგლებში ჩინელი და უცხოელი მონაწილეები და ლექტორები განიხილავენ სამუზეუმო მენეჯმენტის მდგრადობის კრიტიკულ თემას, შეისწავლიან მუზეუმების წინაშე არსებულ გამოწვევებს ადგილობრივ დონეზე და წარმოაჩენენ საუკეთესო პრაქტიკას მთელი მსოფლიოდან. საერთაშორისო და ჩინელ მონაწილეებს შესაძლებლობა ექნებათ ჩაერთონ დისკუსიებსა და შემთხვევების შესწავლაში, რომელიც მიზნად ისახავს ინოვაციური გადაწყვეტილებების ხელშეწყობას და მდგრადი პრაქტიკის პოპულარიზაციას მათ ინსტიტუციებში.
ICOM-ITC-ის სწავლების თეორიულ-პრაქტიკული მეთოდის მიხედვით, სასწავლო პროგრამა მოიცავს ლექციებს, ჯგუფურ მუშაობებს, დისკუსიებს, ადგილობრივ მუზეუმებში სასწავლო ვიზიტებსა და ექსკურსიებს კულტურული მემკვიდრეობის ძეგლებზე.
განაცხადების მიღება – კრიტერიუმები:
ICOM-ის წევრებს, რომლებიც აკმაყოფილებენ შემდეგ კრიტერიუმებს, შეუძლიათ გამოაგზავნონ განაცხადი ამ პროგრამაში მონაწილეობის მისაღებად:
- ICOM-ის მოქმედი წევრი – წევრს გადახდილი უნდა ჰქონდეს ICOM-ის ინდივიდუალური საწევრო გადასახადი ზედიზედ, ბოლო ორი წლის განმავლობაში, მიმდინარე წლის ჩათვლით (2023 და 2024);
- მუზეუმში ან შესაბამის საჯარო ინსტიტუციაში საშუალო მენეჯერულ პოზიციაზე მყოფი პირები;
- 45 წლამდე ასაკის პირები (2024 წლის 31 დეკემბრის ვადით);
- ინგლისური ენის ფლობა (წერილობითი და სასაუბრო ინგლისური).
ICOM-ITC-ის სასწავლო პროგრამა განკუთვნილია ICOM-ის წევრებისთვის ძირითადად განვითარებადი ქვეყნებიდან, მაგრამ აპლიკანტებს სხვა ქვეყნებიდანაც შეუძლიათ განაცხადის გამოგზავნა.
დოკუმენტები
განაცხადებს თან უნდა ახლდეს შემდეგი ინფორმაცია ინგლისურ ენაზე:
- განმცხადებლის CV – Curriculum Vitae, რომელიც მოიცავს შემდეგ ინფორმაციას: ტრენინგები, სამუშაო გამოცდილება, პუბლიკაციები და მიმდინარე სამუშაო პასუხისმგებლობები (მაქსიმუმ ერთი გვერდი);
- სრულად შევსებული სააპლიკაციო ფორმა (იხ. ქვემოთ);
- სამოტივაციო წერილი;
- იმ ინსტიტუციის დირექტორის სარეკომენდაციო წერილი, სადაც აპლიკანტი მუშაობს;
- 2024 წლის საწევრო გადახდის დამადასტურებელი საბუთი (ბარათის ასლი 2024 წლის სტიკერით ან ოფიციალური დოკუმენტი ICOM-ის ეროვნული კომიტეტიდან);
- განმცხადებლის პასპორტის პირველი გვერდის ასლი. მნიშვნელოვანია: თქვენი პასპორტი მოქმედი უნდა იყოს მინიმუმ 2025 წლის 30 აპრილამდე;
- სამოტივაციო წერილი, რომელიც პასუხობს შემდეგ სამ კითხვას:
- როგორ უკავშირდება თქვენი მიმდინარე მოვალეობები ICOM-ITC-ის სასწავლო პროგრამის თემას? (მაქსიმუმ 1500 სიმბოლო)
- რა სახის ცოდნას და უნარებს ელით ICOM-ITC-ის პროგრამისგან? (მაქსიმუმ 1500 სიმბოლო)
- როგორ შეიძლება ICOM-ITC-ის სასწავლო პროგრამამ ხელი შეუწყოს თქვენი მუზეუმის მიმდინარე თუ მომავალი პროექტებისა და აქტივობების განვითარებას? (მაქსიმუმ 1500 სიმბოლო).
- ონლაინ სააპლიკაციო ფორმა.
სრული განაცხადის გაგზავნის ბოლო ვადა: 2024 წლის 19 ივლისი (CET+1).
გრანტები
ICOM, ICOM ჩინეთი და სასახლის მუზეუმი გასცემენ ორ სახის გრანტს:
სრული გრანტი მოიცავს ეკონომ-კლასის ავიაბილეთს, საცხოვრებელსა და ადგილობრივ მასპინძლობას პროგრამის პერიოდში. ამ ტიპის გრანტისთვის უპირატესობა მიენიჭებათ განმცხადებლებს მე-2, 3, 4 და 5 კატეგორიის ქვეყნებიდან (საქართველო მე-3 კატეგორიის ქვეყანაა).
ნაწილობრივი გრანტი მოიცავს საცხოვრებელსა და ადგილობრივ მასპინძლობას პროგრამის პერიოდში. ამ ტიპის გრანტისთვის უპირატესობა მიენიჭებათ განმცხადებლებს 1 კატეგორიის ქვეყნებიდან.
ICOM ან სასახლის მუზეუმი უზრუნველყოფს მონაწილეთა მგზავრობის ორგანიზებას სრული გრანტის ფარგლებში. ნაწილობრივი გრანტის მქონე მონაწილეებმა კი, თავად უნდა დაჯავშნონ საკუთარი ავიაბილეთები. გთხოვთ, გაითვალისწინეთ, ვიზის საფასური, დაზღვევა და სხვა ხარჯები, რომელიც არ არის ზემოთ აღნიშნული, სრულად მონაწილეთა პასუხისმგებლობაა. სასწავლო პროგრამაში მონაწილეობისთვის რეგისტრაციის საფასური არ მოითხოვება.
ICOM-ITC-ის შესახებ
ICOM-ის სამუზეუმო სწავლების საერთაშორისო სასწავლო ცენტრი (ICOM-ITC), დაფუძნებულია პეკინში, ჩინეთის სასახლის მუზეუმში. ცენტრი წარმოადგენს ICOM-ის, ICOM ჩინეთისა და სასახლის მუზეუმის თანამშრომლობით პროგრამას. ინკლუზიური და მონაწილეობითი სასაწავლო პროგრამების ორგანიზებით, ცენტრი მიზნად ისახავს, ხელი შეუწყოს მუზეუმებს შორის კვლევასა და გამოცდილების გაცვლა-გაზიარებას საერთაშორისო დონეზე და განვითარებადი ქვეყნების პროფესიონალების კვალიფიკაციის გაზრდას. პროგრამის ფარგლებში განსაკუთრებული ყურადღება ეთმობა აზია-წყნარი ოკეანის რეგიონს.