2022 – მუზეუმების ძალა

მუზეუმებს აქვთ ძალა, გარდაქმნან სამყარო ჩვენს ირგვლივ. მუზეუმები, როგორც აღმოჩენისა და შემეცნების საუკეთესო ადგილები, გვაცნობენ ჩვენს წარსულს და შთაგვაგონებენ ახალ იდეებს – უკეთესი მომავლის შენებისთვის.

0

2022 წელს მუზეუმების საერთაშორისო საბჭო (ICOM) მუზეუმის  საერთაშორისო დღის ფარგლებში, გთავაზობთ მუზეუმების პოტენციალის სამი მიმართულებით განსაზღვრას საზოგადოებაში პოზიტიური ცვლილებების განხორციელების მიზნით:

  • მდგრადობის მიღწევის ძალა: მუზეუმები წარმოადგენენ სტრატეგიულ პარტნიორებს გაეროს მდგრადი განვითარების მიზნების განხორციელების პროცესში. მუზეუმები, როგორც ადგილობრივ თემებში მოქმედი საკვანძო ინსტიტუციები, ხელს უწყობენ სხვადასხვა მიზნის განხორციელებას, მათ შორის სოციალური ეკონომიკის განვითარებასა და ეკოლოგიურ პრობლემებზე სამეცნიერო ინფორმაციის გავრცელებას.
  • ინოვაციების ძალა დიგიტალიზაციისა და ხელმისაწვდომობის მიმართულებით: თანამედროვე მუზეუმი იქცა ინოვაციურ სივრცედ, სადაც ყოველდღიურ საქმიანობაში შესაძლებელია ახალი ტექნოლოგიების განვითარება და გამოყენება. ციფრული ინოვაციების მეშვეობით მუზეუმების ხელმისაწვდომობა შეიძლება გაიზარდოს და აუდიტორიისთვის გამარტივდეს რთული და დეტალური კონცეფციების აღქმა.
  • განათლების საშუალებით საზოგადოების განვითარების ძალა: მუზეუმები კოლექციებისა და პროგრამების საშუალებით ქმნიან სოციალურ ქსოვილს, რომელიც აუცილებელია საზოგადოების ჩამოყალიბებისთვის. დემოკრატიული ღირებულებების დაცვით და ყველასთვის უწყვეტი განათლების შესაძლებლობის მიცემით, ისინი ხელს უწყობენ ინფორმირებული და აქტიური სამოქალაქო საზოგადოების ფორმირებას.

საქართველოს ყველა მუზეუმს/სამუზეუმო ინსტიტუციას ვიწვევთ, შეუერთდნენ მსოფლიოს ათასობით მუზეუმს მუზეუმის საერთაშორისო დღის აღნიშვნაში!

მუზეუმის საერთაშორისო დღის მომზადების მეგზური (გადმოწერა)

პოსტერი – გადმოწერა 

ყოველწლიურად ICOM მუზეუმის საერთაშორისო დღისთვის ქმნის პოსტერს წლის თემის ილუსტრირებისათვის. ეს წელიწადი განსაკუთრებულია ICOM-ისთვის, რადგან ამ წელს ემთხვევა  გენერალური კონფერენცია, რომელიც გაიმართება 2022 წლის აგვისტოში პრაღაში (ჩეხეთი). ტრადიციულად, გენერალური კონფერენციის წელს, მუზეუმის საერთაშორისო დღის თემა კონფერენციის თემას ემთხვევა.

ამ პოსტერის თემაა „მუზეუმების ძალა“, რომელიც წარმოაჩენს მუზეუმების დღევანდელ მდგომარეობას, წინსვლას და პროცესს მათ საქმიანობაში, თავისუფალი და მედეგი საზოგადოების ფორმირების გზაზე. პოსტერის ნათელი ფერები ICOM-ის  პრაღის 2022 წლის გენერალური კონფერენციის ვიზუალურ და გრაფიკულ ატმოსფეროს გვახსენებს და კავშირს ქმნის ამ ორ მოვლენას შორის.

ხელმისაწვდომია პოსტერის სამუშაო ვერსია, რომელიც შეგიძლიათ მოარგოთ თქვენი ღონისძიების შინაარსს.

ჩვენი მიზანია, გვქონდეს პოსტერის რაც შეიძლება მეტი და განსხვავებული ვერსია, შესაბამისად კი – წლის თემის მიხედვით, მუზეუმების ძალის, მომავლის სხვადასხვა გამოწვევების ასახვა და მუზეუმების როლის წარმოჩენა ამ გამოწვევების დაძლევაში! პოსტერის თქვენეული ვერსიის დასრულების შემდეგ, გთხოვთ, ატვირთეთ ის თქვენს სოციალურ ქსელებში და მონიშნეთ ICOM, ICOM საქართველო და მუზეუმის საერთაშორისო დღის ჰეშთეგები. საუკეთესო პოსტერებს ჩვენ გავუზიარებთ მთელ მსოფლიოს!

#IMD2022

#მუზეუმისსაერთაშორისოდღე

#მუზეუმებისძალა

#PowerofMuseums