May 11, 2024
მუზეუმის საერთაშორისო დღე 2024 – მუზეუმები განათლებისა და კვლევისთვის მუზეუმის დღე, სიახლე
მუზეუმების საერთაშორისო საბჭოს (ICOM) ინიციატივით, მუზეუმის საერთაშორისო დღე ყოველწლიურად 1977 წლიდან აღინიშნება საზოგადოების განვითარებაში მუზეუმის როლის გაცნობიერების მიზნით. მუზეუმის საერთაშორისო დღე უნიკალური მომენტია საერთაშორისო სამუზეუმო საზოგადოებისთვის. ამ დღეს მსოფლიოს ასეულ ათასობით მუზეუმი გეგმავს შემოქმედებით ღონისძიებებსა და აქტივობებს მუზეუმის საერთაშორისო დღის თემის მიხედვით – ამ გზით ხაზს უსვამს მუზეუმის, როგორც ინსტიტუციის როლის მნიშვნელობას საზოგადოების განვითარებაში.
2024 წელს მუზეუმის საერთაშორისო დღის თემა „მუზეუმები განათლებისა და კვლევისათვის“ მიზნად ისახავს, ხაზი გაუსვას მუზეუმების, როგორც დინამიური საგანმანათლებლო დაწესებულებების მნიშვნელობას საზოგადოების განვითარებაში. თემა ასევე ეხმიანება მუზეუმის, როგორც ღია პლატფორმის როლს სიახლის შესწავლისა და კულტურულის რაობის აღქმის მიმართულებით.
მუზეუმი, როგორც დინამიური საგანმანათლებლო ცენტრი, ხელს უწყობს შემოქმედებითობისა და კრიტიკული აზროვნების განვითარებას. 2024 წელს, მუზეუმის საერთაშორისო დღის თემით, ხაზს ვუსვამთ მუზეუმის, როგორც კვლევისა და ახალი იდეების გავრცელების პლატფორმის წვლილს კვლევების განვითარებაში. მუზეუმის სივრცეში განათლება და კვლევა ერთმანეთს ერწყმის ხელოვნების, ისტორიის, მეცნიერების, ტექნოლოგიებისა და სხვა საკითხების მიმართულებით, რაც საბოლოო ჯამში, ავითარებს ჩვენს აღქმას მსოფლიოს შესახებ.
2020 წლიდან მუზეუმების საერთაშორისო საბჭო მუზეუმის საერთაშორისო დღის თემების შემუშავებისას, ითვალისწინებს და მხარს უჭერს გაეროს მდგრადი განვითარების მიზნებს. 2024 წელს ძირითადი ყურადღება გამახვილდება შემდეგ მიზნებზე:
- მიზანი 4: ხარისხიანი განათლება – ნებისმიერი დაინტერესებული პირისთვის უზრუნველყოფილ იქნეს ინკლუზიური და თანაბარი ხარისხის განათლება, ხელი შეეწყოს უწყვეტი სწავლის შესაძლებლობებს.
- მიზანი 9: მრეწველობა, ინოვაცია და ინფრასტრუქტურა – აშენდეს მოქნილი ინფრასტრუქტურა, ხელი შეეწყოს ინკლუზიურ, მდგრად ინდუსტრიალიზაციასა და ინოვაციებს.
2024 წელს მუზეუმის საერთაშორისო დღის ფარგლებში გვსურს, ადამიანებმა ხელახლა გაანალიზონ განათლების როლი და დაფიქრდნენ მომავალზე, სადაც ცოდნის გაზიარება არღვევს ბარიერებს და ინოვაცია ხვდება ტრადიციას.
განათავსეთ თქვენი ღონისძიებები მუზეუმის საერთაშორისო დღის ინტერაქტიულ რუკაზე:
- შეავსეთ ფორმა, ხელმისაწვდომია ინგლისურ, ესპანურ ან ფრანგულ ენებზე, ფორმაში უნდა ჩაიწეროს ძირითადი დეტალები თქვენი ღონისძიების შესახებ, მათ შორის სათაური, ადგილმდებარეობა, თარიღი, მოკლე აღწერა, ვიზუალი და სხვა.
- გააგზავნეთ თქვენი ინფორმაცია: ფორმის გაგზავნის შემდეგ თქვენი ღონისძიება ინტეგრირებული იქნება ინტერაქტიულ რუკაზე, რომელიც ICOM-ის მთავარ გვერდსა და IMD-ის ოფიციალურ ვებ-გვერდზეა განთავსებული.
მუზეუმის საერთაშორისო დღის პოსტერი:
გაბორ პალოტაიმ (Gabor Palotai, Gabor Palotai Design), რომელიც ავანგარდული დიზაინის ფილოსოფიის ჯილდოს მფლობელია, შექმნა 2024 წლის მუზეუმის საერთაშორისო დღის პოსტერი. შავ ფონზე გამოსახულია „M” ასო სხვადასხვა ფერში, რაც ცოდნის მრავალფეროვან სპექტრს გამოხატავს და სიმბოლურად ასახავს მუზეუმების მიერ გავრცელებული ცოდნის სიმდიდრესა და მრავალშრიანობას. პოსტერის აბსტრაქტული კომპოზიცია ვიზუალური მეტაფორაა იმისა, რომ მუზეუმებში არსებული ინფორმაცია ელოდება შესწავლასა და გავრცელებას.
***
მუზეუმის საერთაშორისო დღე 1977 წლის 18 მაისს, მუზეუმების საერთაშორისო საბჭოს (ICOM) მიერ დაფუძნდა და ამ თარიღს საერთაშორისო სამუზეუმო საზოგადოება 40 წელზე მეტია აღნიშნავს. მუზეუმების საერთაშორისო საბჭო მუზეუმის პროფესიონალთა უნიკალური ქსელია, სადაც 45 000-მდე მეტი ინდივიდუალური წევრი, 20 000-ზე მეტი მუზეუმი, 174 ადგილობრივი და საერთაშორისო კომიტეტია გაერთიანებული. სწორედ, მუზეუმის საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით, სხვადასხვა ქვეყნის მუზეუმები ყოველწლიურად გეგმავენ შემოქმედებით ღონისძიებებსა და აქტივობებს, რომლებიც უკავშირდება მუზეუმის საერთაშორისო დღის თემას.
მუზეუმის საერთაშორისო დღისათვის ICOM-ის მრჩეველთა საბჭო ყოველწლიურად ირჩევს კონკრეტულ თემას, რომლის მიხედვით მუზეუმები გეგმავენ შემოქმედებით ღონისძიებებსა და აქტივობებს ფართო აუდიტორიის ჩართულობით.
მუზეუმის საერთაშორისო დღეს ყოველწლიურად მთელი მსოფლიოს ასიათასობით მუზეუმი აღნიშნავს მრავალფეროვანი ღონისძიებებით, რომელიც ICOM-ის მიერ შემოთავაზებულ ამა თუ იმ წლის თემას უკავშირდება.
მუზეუმის საერთაშორისო დღის ფარგლებში ღონისძიებების დაგეგმვის სახელმძღვანელო.