წევრად მიღება
ICOM, რომელიც აერთიანებს 138 ქვეყნის 50 000-მდე წევრს, წარმოადგენს მუზეუმის პროფესიონალთა და მუზეუმების/სამუზეუმო ინსტიტუციების ერთადერთ პროფესიულ საერთაშორისო ქსელს მსოფლიოში. ICOM-ის შესახებ იხილეთ ბმული.
ICOM-ის წევრი შეიძლება გახდეს მუზეუმის ან სამუზეუმო ინსტიტუციის/სფეროს წარმომადგენელი, რომელიც იზიარებს ICOM-ის მისიას და ხედვას, აღიარებს და პატივს სცემს ICOM-ის სამუზეუმო პროფესიული ეთიკის კოდექსს.
რატომ უნდა გახდეთ ICOM-ის წევრი?
ICOM -ის წევრობა მოგანიჭებთ უპირატესობებს თქვენი პროფესიული კარიერისა და საერთაშორისო სამუზეუმო საზოგადოების განვითარების ხელშეწყობისთვის.
წევრობის უპირატესობები:
- პროფესიული განვითარება
- ICOM-ის კონფერენციებში მონაწილეობა და წვდომა ICOM-ის პარტნიორი ორგანიზაციების ღონისძიებებში მონაწილეობასა და დასწრებაზე
- პუბლიკაციები, სახელმძღვანელოები და პროფესიული სტანდარტები
- ICOM-ის კვალიფიკაციის ამაღლების პროფესიულ პროგრამებში მონაწილეობა
- Საწევრო ბარათი
ICOM-ის წევრობისთვის აუცილებელია:
- მუშაობდეთ მუზეუმში ან სამუზეუმო სფეროსთან უშუალოდ დაკავშირებულ ინსტუტუციაში (მინიმუმ 2 წლის მუშაობის სტაჟი).
- იყოთ სამუზეუმო საქმის მოქმედი სპეციალისტი/ლექტორი, რომელიც ლექციებს კითხულობს მუზეუმმცოდნეობის და/ან კულტურული მემკვიდრეობის დაცვის პროგრამაზე (მინიმუმ 2 წლის მუშაობის სტაჟი).
- პატივი სცემდეთ და ხელმძღვანელობდეთ ICOM-ის სამუზეუმო ეთიკის კოდექსით
ICOM-ის წევრი ვერ გახდება:
- პირი ან დაწესებულება, რომლის საქმიანობა დაკავშირებულია კულტურული ფასეულობების ყიდვა-გაყიდვასთან
- პირი ან დაწესებულება, რომლის საქმიანობა ეწინააღმდეგება ICOM-ის მისიასა და აქტივობებს.
წევრობის კატეგორიები
ინდივიდუალური წევრი:
მუზეუმის თანამშრომლები; სამუზეუმო და კულტურული მემკვიდრეობის სფეროს მოქმედი სპეციალისტები და ლექტორები.
სტუდენტი წევრი
მუზეუმმცოდნეობის ან კულტურული მემკვიდრეობის დაცვის/მართვის სამაგისტრო და სადოქტორო პროგრამის სტუდენტები (სტუდენტური კატეგორიის წევრებს ICOM-ში ხმის მიცემის უფლება არ აქვთ).
ინსტიტუციური წევრი
- მუზეუმები
- ბუნებრივი, არქეოლოგიური და ეთნოგრაფიული ძეგლები ან ნაკრძალები, ისტორიული ძეგლები და ნაკრძალები (მუზეუმის პროფილისა და განმარტების შესაბამისად)
- ბოტანიკური ან ზოოლოგიური კოლექციები და ექსპოზიციები, აქვარიუმი ან ვივარიუმი (მუზეუმის პროფილისა და განმარტების შესაბამისად)
- სამეცნიერო ცენტრები და პლანეტარიუმები (მუზეუმის პროფილისა და განმარტების შესაბამისად)
- რესტავრაცია-კონსერვაციის ინსტიტუტები (მუზეუმის პროფილისა და განმარტების შესაბამისად)
- არაკომერციული ინსტიტუციები ან ორგანიზაციები, რომელთა კვლევითი საქმიანობა მოიცავს სამუზეუმო სფეროსთან დაკავშირებულ აქტივობებს – კონსერვაცია, განათლება, ტრეინინგი, დოკუმენტაცია და სხვ. (მუზეუმის განმარტების შესაბამისად)
- კულტურის ცენტრები და სხვა ინსტიტუციები, რომელთა საქმიანობა ხელს უწყობს მატერიალური და არამატერიალური მემკვიდრეობის მართვასა და განვითარებას (მუზეუმის პროფილისა და განმარტების შესაბამისად).
მხარდამჭერი წევრი:
- ინდივიდუალური პირები ან ინსტიტუციები, რომლებიც ICOM-ს მნიშვნელოვან ფინანსურ და სხვა სახის დახმარებას უწევენ, დაინტერესებულნი არიანი სამუზეუმო სფეროთი და მუზეუმებს შორის საერთაშორისო თანამშრომლობის საკითხებით (მხარდამჭერი კატეგორიის წევრებს ICOM-ში ხმის მიცემის უფლება არ აქვთ).
გაწევრიანების პერიოდი: ყოველწლიურად 15 დეკემბრიდან 28 თებერვლამდე.
წევრობის წლიური გადასახადი:
- ინდივიდუალური კატეგორიის წევრობის წლიური გადასახადი – 90 ლარი
- სტუდენტური კატეგორიის წევრობის წლიური გადასახადი – 50 ლარი
- ინსტიტუციური კატეგორიის წევრობის წლიური გადასახადი (კატეგორია 1 / მუზეუმის წლიური ოპერაციული ბიუჯეტი: 30 000 ევრომდე) – 640 ლარი / წევრობის 3 ბარათი
- ინსტიტუციური კატეგორიის წევრობის წლიური გადასახადი (კატეგორია 2 / მუზეუმის წლიური ოპერაციული ბიუჯეტი: 30 000-დან 100 000 ევრომდე) – 790 ლარი / წევრობის 4 ბარათი
- ინსტიტუციური კატეგორიის წევრობის წლიური გადასახადი (კატეგორია 3 / მუზეუმის წლიური ოპერაციული ბიუჯეტი: 100,000-დან 1,000,000 ევრომდე) – 1110 ლარი / წევრობის 5 ბარათი
- მხარდამჭერი ინდივიდუალური კატეგორიის წლიური გადასახადი – 740 ლარი
- მხარდამჭერი ინსტიტუციური კატეგორიის წლიური გადასახადი – 5460 ლარი / წევრობის 8 ბარათი
ინდივიდუალური და სტუდენტური კატეგორიის წევრობის მსურველებმა უნდა გამოაგზავნონ და შეავსონ შემდეგი დოკუმენტაცია:
- განმცხადებლის სამოტივაციო წერილი;
- ოფიციალური ცნობა სამუშაო ადგილიდან, თანამდებობის და სამსახურის დაწყების წლების (მოითხოვება მინიმუმ 2 წლის მუშაობის სტაჟი) მითითებით; (სტუდენტის შემთხვევაში, სწავლის დამადასტურებელი ოფიციალური ცნობა უნივერსიტეტიდან)
- პირადობის მოწმობის ან პასპორტის ასლი;
- ICOM-ის მოქმედი წევრის რეკომენდაცია (სტუდენტის შემთხვევაში – მისი ხელმძღვანელის რეკომენდაცია) – რეკომენდაციაში არგუმენტირებულად უნდა დასაბუთდეს განმცხადებლის წევრობის შესაბამისობა და მისი სამომავლო კონტრიბუცია ICOM-ის მიზნებისა და ამოცანების შესრულებაში. გაითვალისწინეთ, რომ ერთ წევრს მხოლოდ ორი რეკომენდაციის გაცემა შეუძლია.
- ინგლისურ ენაზე: წევრობის სრულად შევსებული online სააპლიკაციო ფორმა (იხ. დანართი).
ინსტიტუციური კატეგორიის წევრობის მსურველებმა უნდა გამოაგზავნონ შემდეგი დოკუმენტაცია:
- განცხადება ააიპ იკომის საქართველოს ეროვნული კომიტეტის სახელზე;
- მუზეუმის/სამუზეუმო ინსტიტუციის რეგისტრაციის ოფიციალური დოკუმენტი;
- მუზეუმის/სამუზეუმო ინსტიტუციის მისიის, ამოცანების და საქმიანობის, მათ შორის მიმდინარე ღონისძიებების/პროექტების მოკლე აღწერის დოკუმენტი;
- ინგლისურ ენაზე: წევრობის სრულად შევსებული online სააპლიკაციო ფორმა (იხ. დანართი).
- 6 თებერვალს განიხილება 31 იანვრის ჩათვლით შემოსული სააპლიკაციო განაცხადები
- 6 მარტს განიხილება 28 თებერვლის ჩათვლით შემოსული სააპლიკაციო განაცხადები
აპლიკანტებს შესაბამისი პასუხი ეცნობებათ კომიტეტის განხილვის დასრულებიდან 5 სამუშაო დღის ვადაში.