2021 – მუზეუმების მომავალი: აღდგენა და გარდასახვა
2020 წელი არცერთ წინა წლებს არ ჰგავდა. COVID-19-ით გამოწვეულმა კრიზისმა მოულოდნელად მოიცვა მთელი მსოფლიო და გავლენა მოახდინა ჩვენი ცხოვრების ყველა ასპექტზე. გარდა ამისა, გამწვავდა არაერთი სხვა, უკვე არსებული პრობლემა, რამაც ჩვენი საზოგადოების სტრუქტურა კითხვის ნიშნის ქვეშ დააყენა: მოწოდება თანასწორობისკენ დღეს უფრო ძლიერად ისმის, ვიდრე ოდესმე.
ამ მხრივ არც მუზეუმები ყოფილა გამონაკლისი და (ICOM-ისა და სხვა საერთაშორისო ორგანიზაციების მიერ ჩატარებული კვლევების თანახმად)
კულტურის სექტორი ყველაზე მეტად დაზარალდა. პანდემიის ეკონომიკური, სოციალური და ფსიქოლოგიური გავლენა, როგორც მოკლევადიან, ისე გრძელვადიან პერსპექტივაში სავალალო აღმოჩნდა მუზეუმებისა და მათი პერსონალისთვის.
იმავდროულად, ეს კრიზისი იქცა კატალიზატორად ყველა იმ მნიშვნელოვანი ინოვაციისთვის, რომლებიც აქამდე განვითარების სტადიაში იმყოფებოდა. განსაკუთრებით ეს ეხება ციფრული ტექნოლოგიების გამოყენების, კულტურული გამოცდილების ახალი ფორმების შექმნისა და გავრცელების საკითხებს.
ეს პერიოდი გარდამტეხი მომენტია ჩვენი საზოგადოებისთვის და ICOM მოუწოდებს მუზეუმებს გახდნენ ამ ცვლილებათა ლიდერები. დადგა დრო, გადავხედოთ მუზეუმების ურთიერთობას იმ საზოგადოებებთან, რომლებსაც მუზეუმები ემსახურებიან, განვახორციელოთ ექსპერიმენტები საქმიანობის ახალი და ჰიბრიდული მოდელების განვითარებისთვის, რითაც კიდევ უფრო განვამტკიცებთ მუზეუმების
მნიშვნელოვან ფასეულობას სამართლიანი და მდგრადი მომავლის შენებაში.
ჩვენ ადვოკატირება უნდა გავუწიოთ კულტურის შემოქმედებით პოტენციალს, როგორც პოსტკოვიდურ პერიოდში აღდგენისა და განახლების მამოძრავებელ ძალას!
მუზეუმის საერთაშორისო დღის წლევანდელი თემით: ”მუზეუმების მომავალი: აღდგენა და გარდასახვა“ ICOM იწვევს მუზეუმებს, მათ პროფესიონალებს და ადგილობრივ საზოგადოებას, მოიფიქრონ, შექმნან და გაავრცელონ (თანა)ქმნადობის ახალი შემოქმედებითი პრაქტიკა, საქმიანობის ახალი ბიზნეს-მოდელები კულტურის ინსტიტუციებისთვის და შეიმუშავონ ინოვაციური გადაწყვეტილებები დღევანდელი სოციალურ-ეკონომიკური და ეკოლოგიური გამოწვევების გადაჭრისთვის.
მუზეუმის საერთაშორისო დღის ღონისძიებები მომზადების მეგზური (გადმოწერა)