December 15, 2022
ICOM-ის წევრობის ბარათებით საქართველოს რამდენიმე მუზეუმში უფასო ვიზიტის შეზღუდვისა და დეზინფორმაციის შესახებ განცხადება, წევრებისთვის
ძვირფასო წევრებო
როგორც თქვენთვის უკვე ცნობილია, უკანასკნელი თვეების განმავლობაში ICOM-ის წევრებს (როგორც საქართველოს, ისე სხვა ქვეყნების მოქალაქეები) საქართველოს კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის სამინისტროს დაქვემდებარებაში შემავალმა რამდენიმე სამუზეუმო გაერთიანებამ და მუზეუმმა (სსიპ “საქართველოს ეროვნული მუზეუმის” 3 მუზეუმი, სსიპ “საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტო”, სსიპ “საქართველოს ხელოვნების სასახლე – კულტურის ისტორიის მუზეუმი” და სსიპ “დადიანების სასახლეთა ისტორიულ-არქიტექტურული მუზეუმი”) შეუზღუდა ICOM-ის საწევრო ბარათის იმ პროფესიული პრივილეგიებით სარგებლობა (უფასო ვიზიტი), რასაც აქამდე ბარათის წარდგენის შემთხვევაში სთავაზობდა და რაც ასევე დაფიქსირებული იყო ამ მუზეუმების ვებ-გვერდებზე (აღნიშნული ინფორმაცია ჯერ კიდევ განთავსებულია საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოს ვებ-გვერდზე). ICOM-ის წევრები აღნიშნული პროფესიული პრივილეგიებით სარგებლობენ მსოფლიოს მუზეუმების უმრავლესობაში, იმის მიუხედავად, არის თუ არა ესა თუ ის მუზეუმი ICOM-ის ინსტიტუციური წევრი.
შეზღუდვების დაწესების თაობაზე რამდენიმე მუზეუმისგან არაოფიციალურად განმარტებული იქნა ის მიზეზი, რომ ზემოაღნიშნული მუზეუმები არ წარმოადგენენ ICOM-ის ინსტიტუციურ წევრებს და თითქოს “მათ წევრად მიღებაზე ICOM საქართველოსგან უარი ეთქვათ” (იხ. ICOM საქართველოს განცხადება ამ საკითხთან დაკავშირებით). ICOM საქართველომ წერილობით მიმართა ზემოაღნიშნულ რამდენიმე მუზეუმსა და კულტურის სამინისტროს იმ საკითხის გარკვევის მიზნით, თუ რის საფუძველზე შეწყდა ICOM-ის საწევრო ბარათებით უფასო ვიზიტი, თუმცა ამ წერილებზე ოფიციალური პასუხი არც ერთი ინსტიტუციიდან მიგვიღია.
აღნიშნული საკითხისა და ინსტიტუციურ წევრებად მიღებასთან დაკავშირებით გავრცელებული დეზინფორმაციის გამო, ICOM საქართველო ვალდებულად მიიჩნევს, განმარტოს პირველ რიგში, საკუთარი წევრებისა და ზოგადად, საზოგადოებისთვის, რომ ორმა მუზეუმმა – სსიპ “საქართველოს ხელოვნების სასახლე – კულტურის ისტორიის მუზეუმმა” და სსიპ “დადიანების სასახლეთა ისტორიულ-არქიტექტურულმა მუზეუმმა” – გაწევრიანების პროცესის დადგენილი ვადების დაცვით (თავდაპირველი ვადა 15.12.21-28.02.22, გახანგრძლივებული – 07.03.22) შემოიტანა განაცხადები ინსტიტუციური კატეგორიით გაწევრიანებაზე. ICOM საქართველოს ახლადარჩეულმა საბჭომ პირველივე სხდომაზე (20.04.22) განხილვის შედეგად დაამტკიცა ორივე მუზეუმის ინსტიტუციური კატეგორიის წევრობა. სხდომის შემდეგ გაწევრიანებაზე წერილობითი დასტური ორივე ინსტიტუციაში გაიგზავნა, თუმცა ამ მუზეუმებისგან წერილზე პასუხი ICOM საქართველოს არ მიუღია, რის გამოც იგივე წერილობითი დასტური რამდენჯერმე განმეორებით გაიგზავნა, თუმცა დასტურის პასუხი არც განმეორებით წერილებზე მოსულა. აქედან გამომდინარე, გაცნობებთ, რომ აღნიშნული ორი მუზეუმის ინსტიტუციური კატეგორიით გაწევრიანებაზე თავად ამ მუზეუმების მხრიდან არ განხორციელდა დადასტურება, შესაბამისად – საწევრო თანხის გადახდაც.
2022 წლის გახანგრძლივებული სააპლიკაციო ვადის (07.03.2022) დასრულებიდან თითქმის თვენახევრის შემდეგ, 2022 წლის 21 აპრილს, ICOM საქართველოს ელ-ფოსტაზე გამოიგზავნა ორი სამუზეუმო გაერთიანების – სსიპ “საქართველოს ეროვნული მუზეუმისა” და სსიპ “საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოს” განაცხადები ინსტიტუციური კატეგორიით გაწევრიანების თაობაზე. ამ ორ განაცხადთან ერთად, ასევე გამოიგზავნა ზემოხსენებული მუზეუმების (ხელოვნების სასახლე და დადიანების სასახლე) საწევრო განაცხადებიც, თუმცა, როგორც ზემოთ აღვნიშნეთ, კონკრეტულად ამ მუზეუმების განაცხადები ICOM საქართველოს უკვე მიღებული ჰქონდა გაწევრიანების ვადების დაცვით. გამომდინარე იქიდან, რომ საქართველოს ეროვნული მუზეუმისა და კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოს განაცხადები გაწევრიანების ვადის ამოწურვის შემდეგ იყო გამოგზავნილი, ICOM საქართველოს საბჭო არ იყო უფლებამოსილი დაგვიანებული განაცხადები განეხილა, რაც წერილობით განმარტებული იქნა ორივე ინსტიტუციისთვის, რომელთაც ამავდროულად, ეცნობათ, რომ შეეძლოთ განაცხადების ხელახლა გამოგზავნა გაწევრიანების მომავალ ვადებში.
ზემოაღნიშნულ საკითხებთან დაკავშირებული დოკუმენტაცია და შესაბამისი კორესპონდენცია დაცულია ICOM საქართველოს მონაცემთა ბაზაში.