Join ICOM

საქართველო

საქართველო

ICOM-ის საქართველოს ეროვნული კომიტეტი

All news

May 19, 2023

საქართველოს ორი მუზეუმი EMYA – ევროპის ყველაზე პრესტიჟული სამუზეუმო პრემიის პროგრამის გამარჯვებული გახდა კონკურსი, სიახლე

ქვეყნის სამუზეუმო სფეროს ისტორიაში პირველად, საქართველოს ორი მუზეუმი – საქართველოს ეროვნული მუზეუმის ოთარ ლორთქიფანიძის სახელობის ვანის არქეოლოგიური მუზეუმი და თბილისის მუზეუმების გაერთიანების ილია ჭავჭავაძის ლიტერატურულ-მემორიალური მუზეუმი – ევროპის წლის მუზეუმის პრემიის ორი კატეგორიის გამარჯვებული გახდა.

2023 წლის 6 მაისს ევროპის მუზეუმების ფორუმის ჟიურის მიერ EMYA – ევროპის წლის მუზეუმის პრემიის გამარჯვებულები გამოცხადდა პრემიის დაჯილდოების ცერემონიალზე, ყოველწლიური ფორუმის დასრულების შემდეგ.

სილეტოს პრიზი საზოგადოების მონაწილეობისა და ჩართულობისთვის გადაეცა საქართველოს ეროვნული მუზეუმის ოთარ ლორთქიფანიძის სახელობის ვანის არქეოლოგიურ მუზეუმს.

© ევროპის მუზეუმების ფორუმი – ვანის არქეოლოგიური მუზეუმი “არის საზოგადოებრივი მუზეუმი, რომელიც ფლობს ძლიერ ძალას საზოგადოების, კულტურისა და განათლების კრიტიკულ საკითხებზე ცნობიერების ამაღლებისთვის. მოხალისეობრივი პროექტებითა და პროგრამებით, მუზეუმი აქტიურად თანამშრომლობს ადგილობრივ საზოგადოებასთან ქალაქის არქეოლოგიური ძეგლების დაცვაში, შენარჩუნებასა და განვითარებაში. საქართველოს ეროვნული მუზეუმის ო. ლორთქიფანიძის სახელობის ვანის არქეოლოგიური მუზეუმი გთავაზობთ მთელ რიგ სათემო პროგრამებს, რომელშიც ახალგაზრდა აუდიტორიისა და სოციალურად დაუცველი ჯგუფების ჩართულობა პრიორიტეტულია. ინკლუზიურობისა და მრავალფეროვნების მეშვეობით, მუზეუმი ქმნის უნივერსალურ სივრცეს, რომელიც ხელს უწყობს დიალოგს და ვიზიტორებს აახლოვებს ქალაქის მდიდარ კულტურულ მემკვიდრეობასთან”.

🌟🌟🌟

სპეციალური აღნიშვნის კატეგორიაში გამარჯვებული გახდა თბილისის მუზეუმების გაერთიანების ილია ჭავჭავაძის ლიტერატურულ-მემორიალური მუზეუმი. 

© ევროპის მუზეუმების ფორუმი – “მუზეუმი პატივს მიაგებს მე-19 საუკუნის ერთ-ერთ ყველაზე გამოჩენილ ეროვნულ მოღვაწეს, რომლის ქმედებები აღინიშნება როგორც ეროვნული თავისუფლების, განთავისუფლებისა და პროგრესის სიმბოლო. ამ მემკვიდრეობის სულისკვეთებით, მუზეუმი იწვევს თავის ვიზიტორებს დაფიქრდნენ ისტორიულ ბრძოლებზე და მათგან შთაგონებას იღებს საზოგადოების თანამედროვე გამოწვევების დასაძლევად”.

***

2023 წლის 3-5 მაისს ევროპის მუზეუმების ფორუმის ეგიდით ესპანეთში, ბარსელონას ისტორიის მუზეუმში (MUHBA) ჩატარდა EMYA-ს 46-ე ყოველწლიური ფორუმი თემით „დემოკრატია და დემოკრატიზაცია: მიმდინარე გადაუდებელი გამოწვევები“, რომელსაც ესწრებოდა და მონაწილეობა მიიღო სამუზეუმო და მემკვიდრეობის სფეროს 250-ზე მეტმა დელეგატმა, მათ შორის იყვნენ EMYA-ს 2023 წლის ნომინანტები, წინა წლების პრემიის გამარჯვებული მუზეუმების წარმომადგენლები, ევროპის საბჭოს დელეგატები, ფორუმის და პრემიის პარტნიორები და სპონსორები.

2023 წელს ევროპის წლის მუზეუმის პრემიის (EMYA) ფორუმზე ევროპის საბჭოს თვრამეტი წევრი ქვეყნიდან ოცდაცამეტი ნომინანტი მუზეუმი იქნა წარდგენილი, გამარჯვებული გახდა თორმეტი მუზეუმი:

ფოტოები: © David Del Val (MUHBA); Lana Karaia (ICOM Georgia

ევროპის მუზეუმების ფორუმი (EMF) და ევროპის წლის მუზეუმის პრემიის პროგრამა (EMYA) მუშაობს მოქალაქეობის, დემოკრატიისა და ადამიანის უფლებების, მდგრადობის, კულტურებისა და სოციალურ-პოლიტიკური საზღვრების დაახლოების საერთო ჩარჩოში. EMYA-ს პროგრამის ფარგლებში მიღებული სხვადასხვა პრიზი ასახავს, ​​წარმოადგენს და ხაზს უსვამს ამ ღირებულებების სხვადასხვა ასპექტსა და განზომილებებს.

სამუზეუმოს სფეროს ყველაზე პრესტიჟული პრემია დაფუძნდა 1977 წელს ბრიტანელი მუზეოლოგის კენეტ ჰადსონის მიერ და ხორციელდება ევროპის მუზეუმების ფორუმის მიერ, ევროპის საბჭოს ეგიდით.
EMYA – ევროპის წლის მუზეუმის პრემია და ამ კონკურსის სხვა ჯილდოები ყოველწლიურად ცხადდება და გაიცემა ფორუმის საერთაშორისო კონფერენციასა და დაჯილდოების ცერემონიალზე.

კონკურსი მიზნად ისახავს:

  • მოწინავე გამოცდილების აღიარებასა და პრეზენტაციას ევროპის სამუზეუმო სცენაზე;
  • სამუზეუმო პრაქტიკაში ინოვაციებისა და საზოგადოებაზე ორიენტირების პროცესის ხელშეწყობას;
  • სამუზეუმო სექტორში იდეების და მდგრადი საუკეთესო პრაქტიკის გაცვლის წახალისებასა და კავშირების შექმნის ხელშეწყობას.

EMYA-ს პრემიის კონკურსის ფასეულობები ეხმიანება სოციალურ საკითხებსა და იმ გამოწვევებს, რომელთა წინაშეც დგას 21-ე საუკუნის მუზეუმები.

ევროპის მუზეუმების ფორუმისა და ევროპის წლის მუზეუმის პროგრამის შესახებ დეტალურ ინფორმაციას შეგიძლიათ გაეცნოთ ამ ბმულზე.

[instagram-feed]