November 25, 2023
განაცხადების მიღება ICOM-ის სამუზეუმო სწავლების საერთაშორისო ცენტრის (ICOM-ITC) საგრანტო კონკურსში კონკურსი, წევრებისთვის
ICOM-ის სამუზეუმო სწავლების საერთაშორისო ცენტრის (ICOM-ITC) სასწავლო პროგრამა თემაზე „პატივისცემა მუზეუმებში: ინკლუზიური პრაქტიკა, თანაქმნადობა, რესტიტუცია და სხვა“ ჩატარდება პეკინში (ჩინეთი) 2024 წლის 17 – 25 აპრილს.
სასწავლო ცენტრის მე-14 პროგრამის ფარგლებში ჩინელი და უცხოელი მონაწილეები და ლექტორები განიხილავენ ინკლუზიურობისა და მრავალფეროვნების ხელშეწყობის საუკეთესო პრაქტიკის, თანაქმნადობის, რესტიტუციისა და სხვა თემების მნიშვნელობას.
ICOM-ITC-ის სწავლების თეორიულ-პრაქტიკული მეთოდის მიხედვით, სასწავლო პროგრამა მოიცავს ლექციებს, ჯგუფურ მუშაობებს, დისკუსიებს, ადგილობრივ მუზეუმებში სასწავლო ვიზიტებსა და ექსკურსიებს კულტურული მემკვიდრეობის ძეგლებზე.
განაცხადების მიღება – კრიტერიუმები:
ICOM-ის წევრებს, რომლებიც აკმაყოფილებენ შემდეგ კრიტერიუმებს, შეუძლიათ გამოაგზავნონ განაცხადი ამ პროგრამაში მონაწილეობის მისაღებად:
- ICOM-ის მოქმედი წევრი – წევრს გადახდილი უნდა ჰქონდეს ICOM-ის ინდივიდუალური საწევრო გადასახადი ზედიზედ, ბოლო ორი წლის განმავლობაში, მიმდინარე წლის ჩათვლით (2022 და 2023);
- მუზეუმში ან შესაბამის საჯარო ინსტიტუციაში საშუალო მენეჯერულ პოზიციაზე მყოფი პირები;
- 45 წლამდე ასაკის პირები (2024 წლის 31 დეკემბრის ვადით);
- ინგლისური ენის ფლობა (წერილობითი და სასაუბრო ინგლისური).
ICOM-ITC-ის სასწავლო პროგრამა განკუთვნილია ICOM-ის წევრებისთვის ძირითადად განვითარებადი ქვეყნებიდან, მაგრამ აპლიკანტებს სხვა ქვეყნებიდანაც შეუძლიათ განაცხადის გამოგზავნა.
დოკუმენტები
განაცხადებს თან უნდა ახლდეს შემდეგი ინფორმაცია ინგლისურ ენაზე:
- განმცხადებლის CV – Curriculum Vitae, რომელიც მოიცავს შემდეგ ინფორმაციას: ტრენინგები, სამუშაო გამოცდილება, პუბლიკაციები და მიმდინარე სამუშაო პასუხისმგებლობები (მაქსიმუმ ერთი გვერდი);
- სრულად შევსებული სააპლიკაციო ფორმა (იხ. ქვემოთ);
- ინსტიტუციის დირექტორის სარეკომენდაციო წერილი;
- 2023 წლის საწევრო გადახდის დამადასტურებელი საბუთი (ბარათის ასლი 2023 წლის სტიკერით ან ოფიციალური დოკუმენტი ICOM-ის ეროვნული კომიტეტიდან);
- განმცხადებლის პასპორტის პირველი გვერდის ასლი. მნიშვნელოვანია: თქვენი პასპორტი მოქმედი უნდა იყოს მინიმუმ 2024 წლის 30 ნოემბრამდე;
- სამოტივაციო წერილი, რომელიც პასუხობს შემდეგ სამ კითხვას:
- როგორ უკავშირდება თქვენი მიმდინარე მოვალეობები ICOM-ITC-ის სასწავლო პროგრამის თემას? (მაქსიმუმ 1500 სიმბოლო)
- რა სახის ცოდნას და უნარებს ელით ICOM-ITC-ის პროგრამისგან? (მაქსიმუმ 1500 სიმბოლო)
- როგორ შეიძლება ICOM-ITC-ის სასწავლო პროგრამამ ხელი შეუწყოს თქვენი მუზეუმის მიმდინარე თუ მომავალი პროექტებისა და აქტივობების განვითარებას? (მაქსიმუმ 1500 სიმბოლო)
- ონლაინ სააპლიკაციო ფორმა.
სრული განაცხადის გაგზავნის ბოლო ვადა: 2023 წლის 13 დეკემბერი (CET+1).
გრანტები
ICOM, ICOM ჩინეთი და სასახლის მუზეუმი გასცემენ ორ სახის გრანტს:
სრული გრანტი მოიცავს ეკონომ-კლასის ავიაბილეთს, საცხოვრებელსა და ადგილობრივ მასპინძლობას პროგრამის პერიოდში. ამ ტიპის გრანტისთვის უპირატესობა მიენიჭებათ განმცხადებლებს მე-2, 3, 4 და 5 კატეგორიის ქვეყნებიდან (საქართველო მე-3 კატეგორიის ქვეყანაა).
ნაწილობრივი გრანტი მოიცავს საცხოვრებელსა და ადგილობრივ მასპინძლობას პროგრამის პერიოდში. ამ ტიპის გრანტისთვის უპირატესობა მიენიჭებათ განმცხადებლებს 1 კატეგორიის ქვეყნებიდან.
ICOM ან სასახლის მუზეუმი უზრუნველყოფს მონაწილეთა მგზავრობის ორგანიზებას სრული გრანტის ფარგლებში. ნაწილობრივი გრანტის მქონე მონაწილეებმა კი, თავად უნდა დაჯავშნონ საკუთარი ავიაბილეთები. გთხოვთ, გაითვალისწინეთ, ვიზის საფასური, დაზღვევა და სხვა ხარჯები, რომელიც არ არის ზემოთ აღნიშნული, სრულად მონაწილეთა პასუხისმგებლობაა. სასწავლო პროგრამაში მონაწილეობისთვის რეგისტრაციის საფასური არ მოითხოვება.
ICOM-ITC-ის შესახებ
ICOM-ის სამუზეუმო სწავლების საერთაშორისო სასწავლო ცენტრი (ICOM-ITC), დაფუძნებულია პეკინში, ჩინეთის სასახლის მუზეუმში. ცენტრი წარმოადგენს ICOM-ის, ICOM ჩინეთისა და სასახლის მუზეუმის თანამშრომლობით პროგრამას. ინკლუზიური და მონაწილეობითი სასაწავლო პროგრამების ორგანიზებით, ცენტრი მიზნად ისახავს, ხელი შეუწყოს მუზეუმებს შორის კვლევასა და გამოცდილების გაცვლა-გაზიარებას საერთაშორისო დონეზე და განვითარებადი ქვეყნების პროფესიონალების კვალიფიკაციის გაზრდას. პროგრამის ფარგლებში განსაკუთრებული ყურადღება ეთმობა აზია-წყნარი ოკეანის რეგიონს.