April 13, 2024
ICOM საქართველოს 2024 წლის გაწევრიანების პროცესთან დაკავშირებით განცხადება
2024 წელს ICOM-ის საქართველოს ეროვნულმა კომიტეტმა მიიღო და დაამტკიცა 100-ზე მეტი განაცხადი ინდივიდუალურ, სტუდენტურ და ინსტიტუციურ წევრობაზე.
მიმდინარე წლის გაწევრიანების პროცესში ICOM-ის საქართველოს ეროვნულ კომიტეტს წევრობის განაცხადებით მიმართა ნიკა ახალბედაშვილმა (სსიპ საქართველოს ეროვნული მუზეუმის გენერალური დირექტორის პირველი მოადგილე, მუზეუმთა ჯგუფის დირექტორი), ნიკოლოზ აზნაურაშვილმა (საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოს გენერალური დირექტორი), ნინო ჭიპაშვილმა (სსიპ საქართველოს ეროვნული მუზეუმის გ. ჩიტაიას სახელობის საქართველოს ხალხური ხუროთმოძღვრებისა და ყოფის მუზეუმისა და ი. გრიშაშვილის სახელობის თბილისის ისტორიის მუზეუმის დირექტორი) და საქართველოს ეროვნულმა მუზეუმმა, საქართველოს ხელოვნების სასახლე – კულტურის ისტორიის მუზეუმმა და დადიანების სასახლეთა ისტორიულ-არქიტექტურულ მუზეუმმა. განხილვის პროცესში საბჭომ წესისამებრ იხელმძღვანელა ICOM-ის სამუზეუმო ეთიკის კოდექსით და არ დააკმაყოფილა ზემოაღნიშნული განაცხადები. სამწუხაროდ, აღნიშნული პირებისა და ინსტიტუციების ბოლოდროინდელი საქმიანობა ეწინააღმდეგება საერთაშორისო სამუზეუმო საზოგადოების ღირებულებებს, პრინციპებსა და ICOM-ის სამუზეუმო ეთიკის კოდექსის დებულებებს, კერძოდ მუხლებს: 1.4. ხელმისაწვდომობა, 1.11. საკადრო პოლიტიკა, 2.18. კოლექციის უწყვეტობა, 3.2. კოლექციების ხელმისაწვდომობა, 3.9 ცოდნისა და გამოცდილების გაზიარება, 7.1. ეროვნული და ადგილობრივი კანონმდებლობა, 8.2. პროფესიული პასუხისმგებლობა, 8.3. პროფესიული ქცევა, 8.4. აკადემიური და სამეცნიერო პასუხისმგებლობა.
გადაწყვეტილების მიღების საფუძველი გახდა 2022 წლიდან სამუზეუმო სფეროში წარმოებული საკადრო პოლიტიკა (რეორგანიზაციის პროცესი, რომლის დროსაც უხეშად დაირღვა პროფესიული ეთიკა, კვალიფიკაციის და გამოცდილების შეფასების გარეშე, მხოლოდ გასაუბრების საფუძველზე ინსტიტუციებიდან მასობრივად განთავისუფლდა 100-ზე მეტი თანამშრომელი); სამუზეუმო კოლექციებზე მკვლევართა წვდომის შეზღუდვა; ICOM საქართველოს წინააღმდეგ მიმართული დისკრედიტაციული და დეზინფორმაციული განცხადებები; განმცხადებლების მიერ ICOM-ის საწევრო ბარათით წლების მანძილზე მოქმედი პროფესიული პრივილეგიებით სარგებლობის შეზღუდვა.
სამწუხაროა, რომ ზემოაღნიშნული მუზეუმების ისტორიისა და მნიშვნელობის მიუხედავად, ამჟამად არსებული მმართველი რგოლის ქმედებების გამო, ICOM საქართველოს საბჭო იძულებული გახდა, მიეღო მსგავსი გადაწყვეტილება.
ICOM საქართველო მზად არის, კვლავ განიხილოს ზემოაღნიშნული სამუზეუმო ინსტიტუციების განაცხადები იმ შემთხვევაში, თუ მათი პოლიტიკა განვითარდება ICOM-ის სამუზეუმო ეთიკის კოდექსის პრინციპებისა და საერთაშორისო სამუზეუმო საზოგადოების ფასეულობების შესაბამისად.
ამავე საკითხებთან დაკავშირებით, იხილეთ ICOM საქართველოს მიერ წარსულში გავრცელებული განცხადებები:
1. საქართველოს სამუზეუმო სფეროში უახლოეს პერიოდში განვითარებული მოვლენები https://icom-georgia.mini.icom.museum/icom-ის-საქართველოს-ეროვნული-2/
2. ICOM-ის საქართველოს ეროვნული კომიტეტი საქართველოს კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის მინისტრის 2022 წლის 1 თებერვლის ბრძანებასთან დაკავშირებით https://icom-georgia.mini.icom.museum/icom-ის-საქართველოს-ეროვნული/
3. ICOM საქართველოს განცხადება გავრცელებულ დეზინფორმაციაზე რამდენიმე მუზეუმის ინსტიტუციურ წევრად მიღება-არმიღების შესახებ https://icom-georgia.mini.icom.museum/icom-georgia-gancxadeba/
4. ICOM-ის წევრობის ბარათებით საქართველოს რამდენიმე მუზეუმში უფასო ვიზიტის შეზღუდვისა და დეზინფორმაციის შესახებ https://icom-georgia.mini.icom.museum/1462/
საკონტაქტო ინფორმაცია: icomgeo@gmail.com