Join ICOM

საქართველო

საქართველო

ICOM-ის საქართველოს ეროვნული კომიტეტი

All news

January 18, 2025

ანგარიში: ICOM ევროპის 2024 წლის სასწავლო კურსი თბილისში ტრენინგი

მემკვიდრეობის მდგრადობის გაძლიერება: ICOM ევროპის 2024 წლის სასწავლო კურსის ანგარიში

მიმოხილვა

ICOM ევროპის 2024 წლის სასწავლო კურსში „მემკვიდრეობის მდგრადობა: კულტურული მემკვიდრეობის დაცვა კრიზისულ ზონებში“ მონაწილეობდა საქართველოსა და საზღვარგარეთის სამუზეუმო სფეროს 26 წარმომადგენელი დედაქალაქისა და რეგიონების მუზეუმებიდან და საქართველოს ეროვნული გვარდიიდან. ტრენინგი ჩატარდა თბილისში, ილია ჭავჭავაძის ლიტერატურულ-მემორიალურ მუზეუმში. სასწავლო პროგრამამ მონაწილეებს შესაძლებლობა მისცა, განევითარებინათ პრაქტიკული უნარ-ჩვევები და მიეღოთ აუცილებელი ცოდნა, რაც ხელს უწყობს საგანგებო მდგომარეობების ეფექტურ მართვას და მათზე ადეკვატურ რეაგირებას.

კურსის პროგრამის ფარგლებში (2024 წლის 25–27 ნოემბერი) განხილულ იქნა მემკვიდრეობის დაცვისთვის აუცილებელი ხუთი ურთიერთდაკავშირებული თემა: კატასტროფების რისკის მართვა და საგანგებო სიტუაციებისთვის მზადყოფნა, საგანგებო ევაკუაციის პროცედურები, დოკუმენტირება და აღდგენის ტექნიკები, ადამიანზე ორიენტირებული პირველადი დახმარება კულტურული მემკვიდრეობის დაცვისთვის და კომუნიკაცია კრიზისის პირობებში.

პროექტი დაფინანსდა ICOM-ის SAREC Solidarity საგრანტო პროგრამის მიერ და განხორციელდა ICOM Europe-ისა და ICOM საქართველოს მიერ, ICOM-ის საერთაშორისო და ეროვნული კომიტეტების (ICOM DRMC, ICOM MPR, ICOM საფრანგეთი, ICOM ავსტრია, ICOM ბელგია, ICOM იტალია), ლურჯი ფარი საფრანგეთის, ლურჯი ფარი საქართველოს, Opificio delle Pietre Dure-ის, Istituto Centrale per il Restauro-ისა და თბილისის მუზეუმების გაერთიანების მხარდაჭერით.

პროგრამის მიმოხილვა
დღე 1: კატასტროფების რისკების მართვა და საგანგებო სიტუაციებისთვის მზადყოფნა 

სწავლება დაიწყო მემკვიდრეობის ერთ-ერთი ყველაზე აქტუალური გამოწვევით, რომელიც თანამედროვე მუზეუმების წინაშე დგას: კატასტროფების პირობებში კულტურული მემკვიდრეობის უსაფრთხოების და დაცვის უზრუნველყოფა. ბუნებრივი და ხელოვნური კრიზისების მზარდი რისკების ფონზე აღნიშნულმა თემამ განსაკუთრებული ყურადღება გაამახვილა პრევენციული სტრატეგიებისა და მუზეუმების ეთიკური პასუხისმგებლობის მნიშვნელოვან როლზე.

სწავლების პირველი სესია გახსნა ICOM ევროპის რეგიონული ალიანსის თავმჯდომარემ, ჯულიანა ერიკანიმ, თემით: „რისკები და პრევენციული უსაფრთხოება მუზეუმებში: ეთიკური ვალდებულებები ICOM-ის წესების მიხედვით.” ჯულიანა ერიკანიმ ხაზი გაუსვა მუზეუმების ეთიკურ პასუხისმგებლობას, რომელიც რისკების პროაქტიულად მართვაში მდგომარეობს და უნდა შეესაბამებოდეს ICOM-ის წესებსა და ევროპული სტანდარტების რეგულაციებს. მან ხაგზასმით აღნიშნა ჰააგის 1954 წლის კონვენციის მნიშვნელობა, რომელიც მიზნად ისახავს შეიარაღებული კონფლიქტის დროს კულტურული ფასეულობების დაცვას. პრეზენტაციამ ხაზი გაუსვა პრევენციული სტრატეგიების ინსტიტუციურ პრაქტიკაში დანერგვის საჭიროებას, რაც მიზნად ისახავს კოლექციების, თანამშრომლებისა და ვიზიტორების უსაფრთხოების უზრუნველყოფას.

სწავლების მეორე სესიაზე ICOM იტალიის პრევენციის, უსაფრთხოებისა და საგანგებო სიტუაციების სამუშაო ჯგუფის ხელმძღვანელმა, ალესია სტროციმ, ჩაატარა ტრენინგი თემაზე: „საფრთხის ქვეშ მყოფი მემკვიდრეობა: საგანგებო ევაკუაციის პროცედურები.“ რეალური შემთხვევების ანალიზისა და სცენარებზე დაფუძნებული პრაქტიკული სავარჯიშოების მეშვეობით, მონაწილეებმა შეიძინეს უნარები, რომელიც აუცილებელია საგანგებო სიტუაციების დროს კულტურული მემკვიდრეობის დაცვისთვის. ალესია სტროციმ ხაზი გაუსვა ევაკუაციის პრიორიტეტების დადგენის, კოლექციებისთვის უსაფრთხო ადგილების მომზადებისა და მკაფიო კომუნიკაციის პროტოკოლების განვითარების აუცილებლობას. პრაქტიკულმა ჯგუფურმა აქტივობებმა მონაწილეებს შესაძლებლობა მისცა, აღნიშნული სტრატეგიები პრაქტიკაში გამოეყენებინათ, რაც ხელს უწყობს თანამშრომლობას და რეალური პრობლემების გადაჭრის უნარ-ჩვევების განვითარებას.

სწავლების პირველი დღე დასრულდა ექსკურსიით ილია ჭავჭავაძის ლიტერატურულ-მემორიალურ მუზეუმში, სადაც მონაწილეებს გააცნეს მუზეუმის ისტორიული მნიშვნელობა და ადგილობრივ კონტექსტში მემკვიდრეობის დაცვის პრაქტიკული გამოწვევები.

დღე 2: საგანგებო ევაკუაციის პროცედურები და ადამიანზე ორიენტირებული პირველად დახმარება კულტურული მემკვიდრეობის დაცვის დროს.

სწავლების მეორე დღე დაიწყო ლურჯი ფარი საქართველოს თავმჯდომარის, თამარ სოფრომაძის პრეზენტაციით, რომელმაც მიმოიხილა ლურჯი ფარი საქართველოს როლი მემკვიდრეობის დაცვის სფეროში. პრეზენტაციამ წარმოადგინა ადგილობრივი და საერთაშორისო თანამშრომლობის მნიშვნელობა, რაც კრიზისების დროს მემკვიდრეობის დაცვის ეფექტურობის უზრუნველყოფისთვის არსებითია.

სესია გაგრძელდა ლურჯი ფარი საფრანგეთის საგანგებო რეაგირების დირექტორის კლერ ლეჟერის სწავლებით. თავის პრეზენტაციაში „მომზადება/დაგეგმვა: კულტურული მემკვიდრეობის დაცვის გეგმის შედგენის ძირითადი ნაბიჯები“, კლერ ლეჟერმა ხაზი გაუსვა პროაქტიული დაგეგმვის კრიტიკულ როლს, რომელიც შეესაბამება 1954 წლის ჰაგის კონვენციის პრინციპებს. C2RMF მეთოდოლოგიის გამოყენებით, ექსპერტმა მონაწილეებს მიაწოდა რეკომენდაციები კულტურული მემკვიდრეობის დაცვის გეგმის (CHSP) შექმნის ძირითადი ეტაპების შესახებ, რაც მოიცავდა კრიტიკული ინფორმაციის შეგროვებას, პრიორიტეტული ნამუშევრების გამოვლენას, უსაფრთხო ადგილების მომზადებას და საგანგებო რესურსების ორგანიზებას. პრაქტიკულმა სავარჯიშოებმა მონაწილეებს საშუალება მისცა, ეს მეთოდოლოგიები საკუთარი ინსტიტუციური საჭიროებებისთვის მოერგოთ, რითაც ხელი შეუწყო თანამშრომლობით სასწავლო პროცესს და ცოდნის პრაქტიკულ გამოყენებას.

დღის მეორე ნახევარი სრულად დაეთმო კრიზისულ კომუნიკაციას, როგორც საგანგებო სიტუაციებისთვის მზადყოფნის მნიშვნელოვან კომპონენტს. ICOM MPR-ის თავმჯდომარე დებორა ზისკა გაუძღვა სესიას თემაზე: „გაბედე ოცნება. კომუნიკაცია და გაძლიერება: კონფლიქტის ზონებიდან გლობალურ საზოგადოებამდე“. დებორა ზისკამ უკრაინელი ექსპერტების – მაიდანის მუზეუმის წარმომადგენლის იჰორ პოშივაილოსა და ტუსტანის წარმომადგენლის ვასილი როჟკოსთან ერთად კურსის მონაწილეებს გაუზიარა კულტურული მემკვიდრეობის დაცვის პრაქტიკული სტრატეგიები კონფლიქტის პირობებში. განხილული თემები მოიცავდა დიგიტალიზაციის, დოკუმენტირებისა და საზოგადოების ჩართულობის როლს მემკვიდრეობის დაცვის გაძლიერებაში. ჯგუფურმა მუშაობამ მნიშვნელოვანი როლი ითამაშა მონაწილეთა პრაქტიკული უნარების განვითარებაში. მონაწილეები ჩაერთვნენ თანამშრომლობით სავარჯიშოებში, სადაც მათ შეიმუშავეს კომუნიკაციის პროტოკოლები, განახორციელეს კრიზისული სცენარების გათამაშება და ერთმანეთს გაუზიარეს საუკეთესო პრაქტიკა. დისკუსიები გამდიდრდა მონაწილეებისა და სპიკერების გამოცდილების გაზიარებით, რაც დასრულდა ისეთი პრაქტიკული დასკვნების შეჯამებით, რომლებიც შეიძლება წარმატებით განხორციელდეს მონაწილეების ინსტიტუციებში.

კურსის მეორე დღის ბოლოს მონაწილეებმა გააცნობიერეს, თუ როგორ შეუძლია სტრატეგიულ დაგეგმვას, ეფექტურ კომუნიკაციასა და ადამიანზე ორიენტირებულ მიდგომებს მნიშვნელოვნად გააძლიეროს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ძალისხმევა და უზრუნველყოს მისი მდგრადობა კრიზისულ სიტუაციებში.

დღე 3: დოკუმენტაციისა და აღდგენის ტექნიკები

კურსის ბოლო დღის სესიები წარიმართა კულტურული მემკვიდრეობის აღდგენის ცენტრალური ინსტიტუტის (ICR) ექსპერტების ხელმძღვანელობით, რომელთაც მონაწილეებს გაუზიარეს საკუთარი გამოცდილება ბუნებრივი კატასტროფების შედეგად შექმნილი შედეგების მართვის მიმართულებით.

დილის სესია დაიწყო მარია ელენა კორადოს პრეზენტაციით თემაზე: „კულტურული მემკვიდრეობის (CH) ნარჩენების მართვა და საგანგებო სიტუაციების მართვის სისტემები“. ცენტრალურ იტალიაში მიწისძვრის შედეგად აღდგენის შემთხვევებზე დაყრდნობით, მარია ელენა კორადომ დეტალურად აღწერა კულტურული მემკვიდრეობის ნარჩენების ტიპოლოგია და მათი მართვისთვის საჭირო ინტერვენციები. მან მონაწილეებს გააცნო თანამედროვე ინსტრუმენტები, როგორიცაა GIS-ზე დაფუძნებული რისკების რუკების შედგენა და “Vincoli in Rete”, რომელიც იტალიის კულტურის სამინისტრომ შექმნა პრევენციისა და საგანგებო სიტუაციების მართვისთვის. მონაწილეებმა ასევე მიიღეს ინფორმაცია მიწისძვრის შემდგომ იტალიის სამხედრო ძალებთან თანამშრომლობის პრაქტიკაზე და გაიგეს, თუ როგორ შეუძლია კოორდინირებულ ძალისხმევას ეფექტურად უზრუნველყოს როგორც შენობების, ასევე ხელოვნების ნიმუშების დაცვა კატასტროფით დაზარალებულ რეგიონებში.

ამის შემდეგ, ფრანჩესკა კაპანამ თემით „ხელოვნების ნიმუშების აღდგენა, კონსერვაცია და უსაფრთხოება საგანგებო სიტუაციებში,“ განსაკუთრებული ყურადღება დაუთმო პრაქტიკულ და დაბალფასიან საშუალებებს არტეფაქტების აღდგენისა და კონსერვაციისთვის. ცენტრალურ იტალიაში 2009-2016 წლების მიწისძვრების მაგალითებზე დაყრდნობით, ფრანჩესკა კაპანამ ხაზი გაუსვა ისეთ მეთოდებს, როგორიცაა დროებითი საცავების შექმნა, დაზიანებული ობიექტებისთვის პირველადი დახმარების გაწევა და მათი უსაფრთხო შენახვის უზრუნველყოფა. მისმა პრეზენტაციამ ასევე წარმოაჩინა ანკონას საცავში მიმდინარე სამუშაოები, სადაც მუდმივად ვითარდება ინოვაციური მიდგომები კულტურული მემკვიდრეობის დაცვისა და შენარჩუნების მიზნით.

სესიები გაგრძელდა ჯგუფური აქტივობებით, სადაც მონაწილეებმა განიხილეს და პრაქტიკაში გამოიყენეს აღდგენისა და კონსერვაციის ტექნიკები. სცენარიული შემთხვევების გამოყენებით, მათ ივარჯიშეს არტეფაქტების დოკუმენტირებასა და ევაკუაციისთვის მომზადებაში. განხილულ იქნა ისეთი გამოწვევები, როგორიცაა ობიექტების პრიორიტიზირება და მათი უსაფრთხოების უზრუნველყოფა დროებით საცავებში. პრაქტიკულმა სავარჯიშოებმა ხელი შეუწყო თანამშრომლობით მუშაობას და გააძლიერა პრაქტიკული უნარ-ჩვევებ რეალურ ცხოვრებაში გამოყენებისთვის.

დღე დასრულდა ძირითადი სასწავლო მასალებისა და საგანგებო სიტუაციებში კულტურული მემკვიდრეობის დაცვისთვის საჭირო ქმედითი სტრატეგიების შეჯამებით. მონაწილეებმა წარმოადგინეს თავიანთი მოსაზრებები შესწავლილ ტექნიკებსა და საშუალებებზე, განსაკუთრებული ყურადღება გაამახვილეს მათ შესაბამისობაზე სხვადასხვა ინსტიტუციური კონტექსტისთვის. შეჯამებამ ხელი შეუწყო ცოდნის გაზიარებასა და პრაქტიკულად გამოსაყენებელი მიდგომების გამოყოფას, რომელიც მუზეუმების სპეციფიურ საჭიროებებს მოერგება.

შეჯამება:

ICOM ევროპის 2024 წლის სასწავლო კურსი „მემკვიდრეობის მდგრადობა: კულტურული მემკვიდრეობის დაცვა კრიზისულ ზონებში“ მნიშვნელოვან ეტაპი იყო მუზეუმების პროფესიონალებისთვის კრიზისულ რეგიონებში კულტურული მემკვიდრეობის დაცვის უნარ-ჩვევების განვითარების მხრივ. კურსმა წარმატებით გააერთიანა თეორიული ცოდნა და პრაქტიკული უნარ-ჩვევები, რაც მონაწილეებს საშუალებას აძლევს უფრო ეფექტურად მართონ საგანგებო სიტუაციები და გლობალური გამოწვევები.

მონაწილეების გამოხმაურებებმა ცხადყო, რომ პროგრამის შინაარსი სრულად პასუხობდა მათი პროფესიული საჭიროებების, განსაკუთრებით ეთიკური პასუხისმგებლობების, რეალური შემთხვევების ანალიზისა და პრაქტიკული ჯგუფური მუშაობის საჭიროებას. სასწავლო კურსი ერთდროულად მოიცავდა, როგორც გლობალურ, ისე ადგილობრივ გამოწვევებს, აღრმავებდა თანამშრომლობისა და გამოცდილების გაზიარების მნიშვნელობას, რაც კიდევ უფრო მნიშვნელოვანია საკულტო მემკვიდრეობის დაცვის ეფექტურობისთვის.

სამომავლო პერსპექტივები

ICOM ევროპის 2024 წლის სასწავლო კურსმა ხაზი გაუსვა მუზეუმის პროფესიონალებისთვის კრიზისულ რეგიონებში კულტურული მემკვიდრეობის დაცვისთვის აუცილებელი უნარებისა და ცოდნის გადაცემის მუდმივ საჭიროებას. ინტენსიური კურსის ფარგლებში, მონაწილეები სიღრმისეულად გაეცნენ კატასტროფებისთვის მზადყოფნის, საგანგებო რეაგირებისა და კულტურული მდგრადობის სირთულეებს და პრაქტიკულად იმუშავეს შესაბამის სტრატეგიებზე. პრაქტიკულმა სავარჯიშოებმა და თანამშრომლობითმა დისკუსიებმა მონაწილეებს საშუალება მისცა, თეორიული კონცეფციები ქმედით სტრატეგიებად გარდაექმნათ, რაც მათი ინსტიტუციებისთვის მნიშვნელოვან პრაქტიკულ ღირებულებას წარმოადგენს.

მონაწილეების გამოხმაურებებმა ცხადყო, რომ სასწავლო კურსის შინაარსი მჭიდროდ იყო შერწყმული მათ პროფესიული საჭიროებებთან. ეთიკურ პასუხისმგებლობებზე, რეალურ შემთხვევებზე და პრაქტიკულ ჯგუფურ მუშაობაზე გაკეთებულმა აქცენტებმა ხაზი გაუსვა მსგავსი პროგრამების მუდმივ მნიშვნელობას სწრაფად ცვალებად გლობალურ კონტექსტში. მონაწილეებმა აღნიშნეს, რომ სწავლებამ შეავსო მათი მზადყოფნის კრიტიკული ხარვეზები და საჭიროებებზე მორგებული ინსტრუმენტები მიაწოდა, რაც მათ საშუალებას მისცემს უკეთ დაიცვან როგორც კოლექციები, ისე საზოგადოებებიც.

სამომავლოდ ძალისხმევა შესაძლებელია მიმართულ იქნეს შემდეგზე:

  • სწავლების მასშტაბის გაფართოება: ისეთი თემების დამატება, როგორიცაა ციფრული დაცვა, კრიზისის შემდგომი აღდგენა და კლიმატის მდგრადობა მუდმივად განვითარებადი გამოწვევების საპასუხოდ.
  • მიმდინარე საფრთხეებთან ადაპტაცია: სტრატეგიების შემუშავება კლიმატთან დაკავშირებულ რისკებსა და ციფრულ მოწყვლადობასთან გამკლავების მიზნით.
  • თანამშრომლობის გაძლიერება: გლობალური ქსელების გაძლიერება გამოცდილების გაზიარებისა და რესურსების გაერთიანების შესაძლებლობის გაზრდის მიზნით.
  • უწყვეტი სწავლის უზრუნველყოფა: ციფრული პლატფორმების შექმნა, რომელიც უზრუნველყოფს წვდომას სასწავლო მასალებზე, შემთხვევების ანალიზებზე და მუდმივ პროფესიულ განვითარებაზე.

ICOM ევროპის 2024 წლის სასწავლო კურსი მნიშვნელოვაბი ნაბიჯი იყო კულტურული მემკვიდრეობის დაცვისთვის საჭირო ცოდნისა და უნარ-ჩვევების გაფართოებაში, როგორც ადგილობრივ, ისე გლობალურ კონტექსტში. კურსი ადასტურებს, რომ კულტურული მემკვიდრეობის დაცვა კრიზისულ ზონებში არის უწყვეტი და კოორდინირებული ძალისხმევის შედეგი. მომდევნო წლებში, ამ კურსის მონაწილეები თავიანთ ინსტიტუციებში გამოიყენებენ მიღებულ ცოდნასა და სტრატეგიებს, რაც ხელს შეუწყობს საზოგადოების აქტიურ ჩართვას და მემკვიდრეობის მდგრადობის გაუმჯობესებას.

[instagram-feed]