February 18, 2025
2026 წლის ევროპის წლის მუზეუმის პრემიაზე (EMYA) განაცხადების მიღება დაიწყო! კონკურსი

EMF – ევროპის მუზეუმების ფორუმი აცხადებს განაცხადების მიღებას 2026 წლის ევროპის წლის მუზეუმის პრემიაზე – EMYA (European Museum of the Year Award).
განაცხადების მიღების ბოლო ვადა: 2025 წლის 1 აპრილი.
ევროპის წლის მუზეუმის პრემია (EMYA) წარმოადგენს სამუზეუმო სფეროს ერთ-ერთ ყველაზე პრესტიჟულ ჯილდოს, რომელიც 1977 წელს დაარსდა ბრიტანელი მუზეოლოგის, კენეტ ჰადსონის, მიერ. კონკურსს მართავს ევროპის მუზეუმების ფორუმი (European Museum Forum, EMF) ევროპის საბჭოს ეგიდით.
EMYA-სა და მასთან დაკავშირებული სხვა ჯილდოების შედეგები ყოველწლიურად ცხადდება ევროპის მუზეუმების ფორუმის საერთაშორისო კონფერენციისა და დაჯილდოების ცერემონიალზე.
კონკურსის მიზანი
EMYA-ის კონკურსი მიზნად ისახავს მუზეუმების ინოვაციური აქტივობებისა და სამუზეუმო სფეროში მოწინავე გამოცდილების წარმოჩენას ევროპის მასშტაბით. კონკურსის მიზანია კულტურის ინსტიტუციების საზოგადოებაზე ორიენტირებული მიდგომების განვითარებისა და ახალი ინიციატივების ხელშეწყობა.
მონაწილეობის პირობები
კონკურსში მონაწილეობა შეუძლია ევროპის ყველა არაკომერციულ/არამომგებიან მუზეუმს, რომელიც გაიხსნა ან არსებითად განახლდა 2021 წლის იანვრის შემდეგ.
მუზეუმი, რომელიც აპლიკაციის შევსების მომენტისთვის ოთხ წელზე მეტია, რაც გახსნილია, ვერ მიიღებს მონაწილეობას.
დროებით ან ნახევრად მუდმივ ექსპოზიციებზე შესაძლებელია განაცხადის გაგზავნა.
მუზეუმი/გამოფენა ღია უნდა იყოს ჟიურის წევრის ვიზიტის პერიოდში (2025 წლის ზაფხული – ადრეული შემოდგომა) და ხელმისაწვდომი უნდა იყოს 2026 წლის ივნისის ბოლომდე.
წინა წლებში (2021-2025) კონკურსში მონაწილე მუზეუმები ვერ მიიღებენ მონაწილეობას, გარდა იმ შემთხვევებისა, როდესაც საქმე ეხება მუზეუმების გაერთიანებაში შემავალ სხვადასხვა ფილიალებს.
დეტალური ინფორმაცია განაცხადის პროცედურისა და კონკურსის პირობების შესახებ იხილეთ [ბმულზე].
კონკურსის პრემიების კატეგორიები
EMYA – ევროპის წლის მუზეუმი
ევროპის საბჭოს პრიზი
კენეტ ჰადსონის სახელობის პრიზი – ინსტიტუციური გამბედაობისა და პროფესიული ინტეგრაციისთვის
SILLETTO-ს პრიზი – საზოგადოების ჩართულობისთვის
MEYVAERT-ის მუზეუმის პრიზი – გარემოსდაცვითი მდგრადობისთვის
პორტიმაოს მუზეუმის პრიზი – ინკლუზიურობისა და ღიაობისთვის
სპეციალური შეფასებები (6)
ევროპის მუზეუმების ფორუმი (European Museum Forum, EMF) საერთაშორისო ორგანიზაციაა, რომელიც ხელს უწყობს ევროპის მუზეუმების განვითარებას, პოპულარიზაციასა და პროფესიულ თანამშრომლობას. ორგანიზაცია განსაკუთრებით აძლიერებს ინოვაციურ მიდგომებს და საუკეთესო პრაქტიკის გაზიარებას სამუზეუმო სფეროში.