Join ICOM

საქართველო

საქართველო

ICOM-ის საქართველოს ეროვნული კომიტეტი

All news

April 1, 2025

მუზეუმის საერთაშორისო დღე 2025 – მუზეუმების მომავალი სწრაფად ცვალებად საზოგადოებებში მუზეუმის დღე

მუზეუმის საერთაშორისო დღე, მუზეუმების საერთაშორისო საბჭოს (ICOM) ინიციატივით, ყოველწლიურად 18 მაისს აღინიშნება. ეს გლობალური ღონისძიება ხაზს უსვამს მუზეუმების ტრანსფორმაციულ როლს თანამედროვე საზოგადოების განვითარებაში. 2025 წელს მუზეუმის საერთაშორისო დღის თემა – „მუზეუმების მომავალი სწრაფად ცვალებად საზოგადოებებში“ – ხაზგასმით გამოჰკვეთს იმ გზებს, თუ როგორ შეუძლიათ მუზეუმებს ცვლილებებზე რეაგირება და წვლილის შეტანა სოციალური, ტექნოლოგიური და ეკოლოგიური ტრანსფორმაციების ეპოქაში მსოფლიო საზოგადოების კეთილდღეობისთვის.

მუზეუმი, როგორც ცვლილების კატალიზატორი

მუზეუმი გაცილებით მეტია, ვიდრე კოლექციების უბრალოდ საცავი – მუზეუმი აქტიური მონაწილეა მდგრადი და ინკლუზიური საზოგადოებების განვითარებაში. წლევანდელი თემა უკავშირდება გაეროს მდგრადი განვითარების მიზნებიდან სამ მიზანს:

  • მიზანი 8 – მუზეუმები ქმნიან დასაქმების შესაძლებლობებსა და საგანმანათლებლო პროგრამებს, რომელიც აძლიერებს ადგილობრივ ეკონომიკას და ხელს უწყობს საზოგადოების განვითარებას;

  • მიზანი 9 – მუზეუმები, ინოვაციებისა და ტექნოლოგიური მიღწევების დანერგვითა და შემოქმედებითი პროცესების მხარდაჭერით, ხელს უწყობენ ხელმისაწვდომობისა და პროგრესის განვითარებას;

  • მიზანი 11 – მუზეუმები, როგორც კულტურის ცენტრები, ხელს უწყობენ მდგრად ურბანულ განვითარებას, რომელიც აძლიერებს ინკლუზიურობას, სიმტკიცეს და მემკვიდრეობის დაცვას.

გლობალური ინიციატივა ძლიერი ვიზუალური იდენტობით

2024 წელს მუზეუმის საერთაშორისო დღის ფარგლებში ორგანიზებულ იქნა 8000-ზე მეტი ღონისძიება, ხოლო ოფიციალური პოსტერი 50-ზე მეტ ენაზე ითარგმნა, რაც ამ ინიციატივის გლობალურ მასშტაბურობასა და გავლენას უსვამს ხაზს.
2025 წლისთვის ICOM-მა შეიმუშავა შთამბეჭდავი ვიზუალური იდენტობა, რომელიც ასახავს მუზეუმის უწყვეტი განვითარებისა და ადაპტაციის პროცესს. პოსტერის დიზაინი შთაგონებულია დინამიკურობითა და გარდამავალი ტონებით, რაც სიმტკიცისა და ტრანსფორმაციის სიმბოლოდ წარმოჩინდება.

ICOM მუზეუმებისთვის ამზადებს საკომუნიკაციო მასალებს – ოფიციალურ პოსტერს, ვებ-ბანერებს და ადაპტირებად გრაფიკულ ელემენტებს სხვადასხვა ენაზე. მუზეუმებს შეუძლიათ ეს მასალები მოარგონ თავიანთ საჭიროებებს: დაამატონ ლოგო, შეარჩიონ შესაბამისი ფერები ან თარგმნონ ტექსტი ისე, რომ დიზაინის მთლიანობა შენარჩუნდეს. ვიზუალური მასალა ხელმისაწვდომია როგორც ციფრულ, ისე ბეჭდურ ფორმატში.

პოსტერი https://icom.museum/wp-content/uploads/2025/04/Georgian.pdf 

2025 წლის პოსტერის დიზაინი შეიმუშავა ინტერდისციპლინარული სცენოგრაფიისა და საგამოფენო დიზაინის კოლექტივმა TheLoveTriangle. კოლექტივი ცნობილია ემოციურად ჩართულ და სიღრმისეულ ნარატივებზე ორიენტირებული პროექტებით, რომლებიც ფიქრის, დიალოგისა და ქმედებისკენ მოუწოდებენ საზოგადოებას.

პოსტერის თქვენეული ვერსიის შექმნამდე გთხოვთ, გაეცნოთ TheLoveTriangle-ის მიერ შემუშავებულ გრაფიკული დიზაინის გზამკვლევს, რომელიც უზრუნველყოფს, რომ თქვენი ადაპტაცია შეესაბამებოდეს ორიგინალური დიზაინის კონცეფციასა და ესთეტიკას.

მუზეუმის საერთაშორისო დღის ფარგლებში ღონისძიებების დაგეგმვის სახელმძღვანელო.

განათავსეთ თქვენი ღონისძიებები მუზეუმის საერთაშორისო დღის ინტერაქტიულ რუკაზე:

  1. შეავსეთ ფორმა,ხელმისაწვდომია ინგლისურ, ესპანურ ან ფრანგულ ენებზე, ფორმაში უნდა ჩაიწეროს ძირითადი დეტალები თქვენი ღონისძიების შესახებ, მათ შორის სათაური, ადგილმდებარეობა, თარიღი, მოკლე აღწერა, ვიზუალი და სხვა.
  2. გააგზავნეთ თქვენი ინფორმაცია: ფორმის გაგზავნის შემდეგ თქვენი ღონისძიება ინტეგრირებული იქნება ინტერაქტიულ რუკაზე, რომელიც ICOM-ის მთავარ გვერდსა და IMD-ის ოფიციალურ ვებ-გვერდზეა განთავსებული.

***

მუზეუმის საერთაშორისო დღე 1977 წლის 18 მაისს, მუზეუმების საერთაშორისო საბჭოს (ICOM) მიერ დაფუძნდა და ამ თარიღს საერთაშორისო სამუზეუმო საზოგადოება 40 წელზე მეტია აღნიშნავს. მუზეუმების საერთაშორისო საბჭო მუზეუმის პროფესიონალთა უნიკალური ქსელია, სადაც 45 000-მდე მეტი ინდივიდუალური წევრი, 20 000-ზე მეტი მუზეუმი, 174 ადგილობრივი და საერთაშორისო კომიტეტია გაერთიანებული. სწორედ, მუზეუმის საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით, სხვადასხვა ქვეყნის მუზეუმები ყოველწლიურად გეგმავენ შემოქმედებით ღონისძიებებსა და აქტივობებს, რომლებიც უკავშირდება მუზეუმის საერთაშორისო დღის თემას.

მუზეუმის საერთაშორისო დღისათვის ICOM-ის მრჩეველთა საბჭო ყოველწლიურად ირჩევს კონკრეტულ თემას, რომლის მიხედვით მუზეუმები გეგმავენ შემოქმედებით ღონისძიებებსა და აქტივობებს ფართო აუდიტორიის ჩართულობით.

მუზეუმის საერთაშორისო დღეს ყოველწლიურად მთელი მსოფლიოს ასიათასობით მუზეუმი აღნიშნავს მრავალფეროვანი ღონისძიებებით, რომელიც ICOM-ის მიერ შემოთავაზებულ ამა თუ იმ წლის თემას უკავშირდება.

 

[instagram-feed]