February 11, 2022
ICOM-ის საქართველოს ეროვნული კომიტეტის განცხადება განცხადება
11.02.2022
ICOM-ის საქართველოს ეროვნული კომიტეტის განცხადება
ICOM-ის საქართველოს ეროვნული კომიტეტი ეხმიანება საქართველოს კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის მინისტრის 2022 წლის 1 თებერვლის ბრძანებას (# 05/02), რომლის მიხედვითაც ცვლილება შედის საქართველოს ეროვნული მუზეუმის დებულებაში (საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრის 2019 წლის 18 ივნისის #110/ნ).
აღნიშნულ ბრძანებაში მოცემული ერთ-ერთი ცვლილება გულისხმობს გამკაცრებულ კონტროლს სამუზეუმო ფონდებში დაშვებაზე კვლევითი საქმიანობის მიზნით. სამუზეუმო კოლექციებზე წვდომის გამკაცრებული წესი ეხება არა მხოლოდ დაინტერესებულ საზოგადოებას, არამედ – მუზეუმში დასაქმებულ სამეცნიერო პერსონალსაც.
აღნიშნული ცვლილების შინაარსი ყოვლად მიუღებელია და წინააღმდეგობაში მოდის მუზეუმის თანამედროვე განსაზღვრებასა და მისიასთან, იყოს ღია და ყველასთვის ხელმისაწვდომი სივრცე.
ამასთანავე, ის მუზეუმის სფეროს წარმომადგენლებს უზღუდავს პროფესიული ვალდებულებების შესრულების უფლებას.
ზემოთ ხსენებული ცვლილებით ირღვევა მუზეუმების საერთაშორისო საბჭოს (ICOM) სამუზეუმო ეთიკის კოდექსის არაერთი პრინციპი (ICOM code for Ethics for Museums, 2018), რომლის მიხედვითაც მუზეუმებს აქვთ პასუხისმგებლობა მათში დაცული კოლექციები ფართოდ ხელმისაწვდომი გახადონ კვლევისა და განათლებისთვის, ასევე – ვალდებულება ცოდნისა და გამოცდილების გაზიარების შესახებ. კერძოდ:
• პრინციპი II – 2.18
• პრინციპი III – 3.2, 3.9
• პრინციპი VIII – 8.3, 8.4.
ICOM-ის სამუზეუმო ეთიკის კოდექსი
პრინციპი II – მუზეუმები საზოგადოების ნდობის თანახმად ინახავენ კოლექციებს საზოგადოების სასიკეთოდ და მისი განვითარებისათვის.
მუზეუმების მოვალეობას წარმოადგენს კოლექციების დაკომპლექტება, შენახვა და პოპულარიზაცია. ამით მუზეუმებს თავიანთი წვლილი შეაქვთ კაცობრიობის ბუნებრივი, კულტურული და მეცნიერული მემკვიდრეობის დაცვაში. სამუზეუმო კოლექციები წარმოადგენს საზოგადოებრივი მემკვიდრეობის მნიშვნელოვან ნაწილს, მათ გააჩნიათ განსაკუთრებული სამართლებრივი სტატუსი და დაცულია საერთაშორისო კანონმდებლობით. საზოგადოების ნდობის თანახმად კოლექციების მართვის პროცესში, მუზეუმი მოქმედებს კოლექციაში დაცული ნივთების კანონიერი ფლობის საფუძველზე, კოლექციების მუდმივობის, დოკუმენტირების, ხელმისაწვდომობისა და კოლექციის საპასუხისმგებლო მართვის შესახებ გადაწყვეტილების მიღების პრინციპებით.
2.18 კოლექციების უწყვეტობა
მუზეუმმა უნდა შეიმუშავოს და განახორციელოს სტრატეგია, რომელიც მიმართული იქნება იმ მიზნისაკენ, რომ მისი კოლექციები (მუდმივი და დროებითი), ასევე, მათთან დაკავშირებული ინფორმაცია ხელმისაწვდომი იყოს აქტუალური გამოყენებისათვის და მომავალ თაობებს გადაეცეს
სრული და შენარჩუნებული სახით, მუზეუმის ხელთ არსებული ცოდნისა და ყველა რესურსის გამოყენებით.
*
პრინციპი III – მუზეუმებში დაცული მტკიცებულებები წარმოადგენს პირველწყაროს ცოდნის გავრცელებისა და გაღრმავებისთვის
მუზეუმებს აქვთ განსაკუთრებული პასუხისმგებლობა მათ კოლექციებში შეგროვებული და დაცული პირველწყაროების დაცვის, ხელმისაწვდომობისა და ინტერპრეტაციის მიმართულებით.
3.2. კოლექციების ხელმისაწვდომობა
მუზეუმებს აქვთ განსაკუთრებული პასუხისმგებლობა უზრუნველყონ კოლექციებისა და შესაბამისი ინფორმაციის მაქსიმალური ხელმისაწვდომობა. ხელმისაწვდომობის შეზღუდვა შეიძლება განპირობებული იყოს მხოლოდ კონფიდენციალურობისა და უსაფრთხოების მიზნით.
3.9. ცოდნისა და გამოცდილების გაზიარება
მუზეუმის პროფესიონალები ვალდებულნი არიან ცოდნა და გამოცდილება გაუზიარონ თავიანთ კოლეგებს, იმ მეცნიერებსა და სტუდენტებს, რომლებიც შესაბამისი მიმართულებით მუშაობენ. მათ პატივი უნდა სცენ და აღიარონ იმ პიროვნებათა წვლილი, ვინც მათ გაუზიარა ცოდნა და თავის მხრივ, უშურველად უნდა გადასცენ ცოდნა და გამოცდილება მათ, ვისთვისაც ეს შეიძლება სასარგებლო იყოს.
*
პრინციპი VIII – მუზეუმები მუშაობენ პროფესიულ ჩარჩოებში
სამუზეუმო პროფესიის წარმომადგენლებმა უნდა იმოქმედონ არსებული კანონმდებლობისა და სტანდარტების შესაბამისად და საკუთარი პროფესიული ვალდებულებები უნდა შეასრულონ ღირსეულად. მათ საზოგადოებას უნდა აარიდონ ყოველგვარი კანონსაწინაღმდეგო და პროფესიული სამუზეუმო ეთიკის შემლახავი ქმედებები. საზოგადოების განვითარებისთვის მუზეუმების როლის უკეთ აღქმის მიზნით, ყველა შესაძლებლობა უნდა იქნეს გამოყენებული, რათა საზოგადოებამ ნათლად გააცნობიეროს სამუზეუმო პროფესიის მიზნები, ამოცანები და მოტივები.
8.3 პროფესიული ქცევა
კოლეგებისა და მუზეუმში დამსაქმებლებისადმი ლოიალური დამოკიდებულება წარმოადგენს მნიშვნელოვან პროფესიულ პასუხისმგებლობას და სრულად უნდა ემყარებოდეს პროფესიული ეთიკის ფუნდამენტური პრინციპებისადმი ერთგულებას. ეს პრინციპები უნდა შეესაბამებოდეს ICOM-ის სამუზეუმო ეთიკის კოდექსის დებულებებს თუ სამუზეუმო საქმეში მიღებულ ყველა სხვა წესს, რეკომენდაციებს და მუზეუმის პოლიტიკას.
8.4. აკადემიური და სამეცნიერო პასუხისმგებლობა
სამუზეუმო პროფესიის წარმომადგენლებმა ხელი უნდა შეუწყონ კოლექციებთან დაკავშირებული ინფორმაციის კვლევას, დაცვას და გამოყენებას. ამიტომ მათ თავი უნდა შეიკავონ ყველა იმგვარი ქმედებისა თუ ვითარებისაგან, რასაც შეიძლება მოყვეს აკადემიური და სამეცნიერო მონაცემების დაკარგვა.