November 30, 2022
ICOM-მა გამოაქვეყნა უკრაინაში რუსეთის შეიარაღებული ძალების შეჭრის შედეგად განადგურების საფრთხის ქვეშ მყოფი კულტურული ობიექტების წითელი ნუსხა სიახლე
ICOM-მა უკრაინაში საფრთხის ქვეშ მყოფი კულტურული ძეგლების საგანგებო წითელი ნუსხა გამოაქვეყნა იმ მიზნით, რომ რუსული შეიარაღებული ძალების შეჭრის ნიადაგზე დაეხმაროს უკრაინას განადგურების საფრთხის ქვეშ მყოფი კულტურული მემკვიდრეობის მომავალი თაობისათვის დაცვასა და შენარჩუნებაში.
2022 წლის 28 ივნისის განცხადების შემდეგ, უკრაინის 11 მუზეუმის ექსპერტთან ICOM-ის მემკვიდრეობის დაცვის დეპარტამენტის თანამშრომლობით მომზადდა ზემოაღნიშნული საგანგებო წითელი ნუსხა, რომელიც შედგება 7 კატეგორიის 53 ტიპის ობიექტისაგან და მოიცავს არქეოლოგიას, წიგნებსა და ხელნაწერებს, ნუმიზმატიკას და ხალხურ, რელიგიურ, გამოყენებითი და სახვითი ხელოვნების ნიმუშებს. Მოცემული ობიექტების მრავალფეროვნება ნათლად წარმოაჩენს უკრაინის მდიდარ კულტურულ მემკვიდრეობას – დაწყებული სკვითების პერიოდიდან XX საუკუნის ავანგარდამდე.
უკრაინაში საფრთხის ქვეშ მყოფი კულტურული ძეგლების საგანგებო წითელი ნუსხა (ინგლ. ენაზე) – გადმოწერა
საგანგებო წითელი ნუსხა არის ეროვნული და საერთაშორისო ექსპერტების კოოორდინირებული მუშაობის შედეგი. ICOM მადლიერებას გამოხატავს ქვემოთჩამოთვლილი მუზეუმების ექსპერტების მიმართ, რომელთაც უმოკლეს ვადებში იმუშავეს და დიდი წვლილი შეიტანეს წითელი ნუსხისთვის კვლევაში იმ პირობებში, როდესაც საგანგებო სიტუაციის მართვა თავად უწევდათ:
- უკრაინის არქეოლოგიისა და მეცნიერების ეროვნული აკადემიის ინსტიტუტი
- ლვოვის რელიგიის ისტორიის მუზეუმი
- უკრაინის წიგნისა და ბეჭდვის მუზეუმი
- უკრაინის ხელოვნების ეროვნული მუზეუმი
- ხალხური კულტურის ეროვნული ცენტრი – ივან გონჩარის მუზეუმი
- უკრაინის ისტორიის ეროვნული მუზეუმი, კიევი (MIST)
- უკრაინის ხალხური და დეკორატიული ხელოვნების ეროვნული მუზეუმი (NMUNDM)
- ეროვნული ნაკრძალი “კიევ-პეჩორის ლავრა”
- ეროვნული ნაკრძალი “ანტიკური ჰალიჩი”
- ტარას შევჩენკოს უნივერსიტეტის არქეოლოგიური მუზეუმი
- ი. ვერნადსკის სახელობის უკრაინის ეროვნული ბიბლიოთეკა (NBUV)
ICOM ასევე მადლობას უხდის ICOM-ის უკრაინის ეროვნულ კომიტეტს ამ მნიშვნელოვანი რესურსის სულ რამდენიმე თვეში მომზადების პროცესში კოორდინირებული უდიდესი ძალისხმევისთვის, ასევე – ბიბლიოთეკების ასოციაციებისა და ინსტიტუციების საერთაშორისო ფედერაციას (IFLA) საბიბლიოთეკო და საარქივო მასალებზე მუშაობისთვის.
Აღნიშნული წითელი ნუსხა ზუსტად იმ დროს შეიქმნა, როდესაც უკრაინაში მიმდინარეობს ბრძოლა კულტურული მემკვიდრეობის უკანონო ვაჭრობის წინააღმდეგ, რაც დიდი ხნის მანძილზე არსებობდა რეგიონში და განსაკუთრებით დამძიმდა ქვეყანაში რუსეთის შეიარაღებული ძალების შეჭრის შედეგად. ოლექსი შოვკუნენკოს ცნობები 11 ნოემბერს რუსული ჯარების უკან დახევისას ხერსონის ხელოვნების მუზეუმის მასობრივი ძარცვის შესახებ, ადასტურებს იმას, რომ ეს საფრთხე აქტუალურია და მას სისტემატიური ხასიათი აქვს. ICOM იმედს გამოთქვამს, რომ ეს წითელი ნუსხა შესაბამისი ეფექტური ინსტრუმენტი გახდება უკრაინიდან კულტურის დაკარგული და მოპარული ობიექტების იდენტიფიკაციის პროცესში.
“ომის შედეგად უკრაინაში კულტურის ობიექტები ძარცვისა და უკანონო ვაჭრობის საფრთხის ქვეშ დგას” – კატერინა ჩუიევა, კულტურისა და საინფორმაციო პოლიტიკის მინისტრის მოადგილე
საერთაშორისო თანამშრომლობა არსებით როლს თამაშონს კულტურული მემკვიდრეობის მიმართ ამ უკანონო მოძრაობის წინააღმდეგ და ამ მიზნით ICOM თანამშრომლობს ეროვნულ და საერთაშორისო სამართალდამცავ ორგანოებთან, მათ შორის ინტერპოლთან და მსოფლიო საბაჟო ორგანიზაციასთან. ICOM ასევე აგრძელებს იმ საერთაშორისო კულტურული კონვენციების რატიფიკაციის გააქტიურებას, როგორიცაა UNESCO-ს 1970 წლის კონვენცია, UNIDROIT-ის 1995 წლის კონვენცია, ასევე სახელმწიფოებს შორის ორმხრივი შეთანხმებების ამოქმედებას, რომელთაც სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი როლი ეკისრება უკანონო ვაჭრობის წინააღმდეგ ბრძოლაში.
უკრაინაში საფრთხის ქვეშ მყოფი კულტურული ობიექტების საგანგებო წითელი ნუსხა არის ICOM-ის მე-19 წითელი ნუსხა და ეხმიანება ბოლო პერიოდში გამოქვეყნებულ სამხრეთ ევროპის საფრთხის ქვეშ მყოფი კულტურული ობიექტების წითელ ნუსხას. წითელი ნუსხა გამოქვეყნდა ონლაინ ფორმატში ინგლისურ ენაზე (მალე ხელმისაწვდომი იქნება თარგმანი უკრაინულ, ფრანგულ და შვედურ ენებზე) და ამჟამად ვრცელდება უკრაინისა და ევროპის სახელისუფლებო და სამართალდამცავ ორგანოებში.
ICOM და ამ გლობალური ქსელის ექსპერტები იმედს გამოთქვამენ, რომ ეს ინსტრუმენტი არა მხოლოდ დაეხმარება პოლიციელებს, საბაჟო მოხელეებს, მკვლევრებსა და კერძო მოქალაქეებს საფრთხის ქვეშ მყოფი კულტურული მემკვიდრეობის ნიმუშების იდენტიფიცირებასა და მოპარული ობიექტებით უკანონო ვაჭრობის აღკვეთის პროცესში, არამედ ის ასევე გახდება ღირებული და გრძელვადიანი ინსტრუმენტი უკრაინის კულტურული მემკვიდრეობის დაცვისა და შენარჩუნებისთვის.