Join ICOM

საქართველო

საქართველო

ICOM-ის საქართველოს ეროვნული კომიტეტი

All news

December 15, 2023

ICOM საქართველო აცხადებს ახალი წევრების მიღებას მუზეუმების საერთაშორისო საბჭოში – ICOM. განცხადება

2024 წლის 28 თებერვლამდე ICOM საქართველო აცხადებს ახალი წევრების მიღებას მუზეუმების საერთაშორისო საბჭოში – ICOM.

ICOM, რომელიც აერთიანებს 138 ქვეყნის 50 000-მდე წევრს, წარმოადგენს მუზეუმის პროფესიონალთა და მუზეუმების/სამუზეუმო ინსტიტუციების ერთადერთ პროფესიულ საერთაშორისო ქსელს მსოფლიოში. ICOM-ის შესახებ იხილეთ ბმული.

ICOM-ის წევრი შეიძლება გახდეს მუზეუმის ან სამუზეუმო ინსტიტუციის/სფეროს წარმომადგენელი, რომელიც იზიარებს ICOM-ის მისიას და ხედვას, აღიარებს და პატივს სცემს ICOM-ის სამუზეუმო პროფესიული ეთიკის კოდექსს.

წევრობის უპირატესობები: 

  • პროფესიული განვითარება
  • ICOM-ის კონფერენციებში მონაწილეობა და წვდომა ICOM-ის პარტნიორი ორგანიზაციების ღონისძიებებში მონაწილეობასა და დასწრებაზე
  • პუბლიკაციები, სახელმძღვანელოები და პროფესიული სტანდარტები
  • ICOM-ის კვალიფიკაციის ამაღლების პროფესიულ პროგრამებში მონაწილეობა
  • Საწევრო ბარათი

ICOM-ის წევრობისთვის აუცილებელია: 

  • მუშაობდეთ მუზეუმში ან სამუზეუმო სფეროსთან უშუალოდ დაკავშირებულ ინსტუტუციაში (მინიმუმ 2 წლის მუშაობის სტაჟი).
  • იყოთ სამუზეუმო საქმის მოქმედი სპეციალისტი/ლექტორი, რომელიც ლექციებს კითხულობს მუზეუმმცოდნეობის და/ან კულტურული მემკვიდრეობის დაცვის პროგრამაზე (მინიმუმ 2 წლის მუშაობის სტაჟი).
  • პატივი სცემდეთ და ხელმძღვანელობდეთ ICOM-ის სამუზეუმო ეთიკის კოდექსით

ICOM-ის წევრი ვერ გახდება:

  • პირი ან დაწესებულება, რომლის საქმიანობა დაკავშირებულია კულტურული ფასეულობების ყიდვა-გაყიდვასთან
  • პირი ან დაწესებულება, რომლის საქმიანობა ეწინააღმდეგება ICOM-ის მისიასა და აქტივობებს.

წევრობის კატეგორიები

ინდივიდუალური წევრები

  • მუზეუმის თანამშრომლები; სამუზეუმო და კულტურული მემკვიდრეობის სფეროს მოქმედი სპეციალისტები და ლექტორები.

სტუდენტი წევრები

  • მუზეუმმცოდნეობის ან კულტურული მემკვიდრეობის დაცვის/მართვის სამაგისტრო და სადოქტორო პროგრამის სტუდენტები (სტუდენტური კატეგორიის წევრებს ICOM-ში ხმის მიცემის უფლება არ აქვთ).

ინსტიტუციური წევრები

  • მუზეუმები
  • ბუნებრივი, არქეოლოგიური და ეთნოგრაფიული ძეგლები ან ნაკრძალები, ისტორიული ძეგლები და ნაკრძალები (მუზეუმის  განმარტებისა და პროფილის შესაბამისად)
  • ბოტანიკური ან ზოოლოგიური კოლექციების მქონე ინსტიტუციები, აქვარიუმი ან ვივარიუმი (მუზეუმის  განმარტებისა და პროფილის შესაბამისად)
  • სამეცნიერო ცენტრები და პლანეტარიუმები (მუზეუმის  განმარტებისა და პროფილის შესაბამისად)
  • რესტავრაცია-კონსერვაციის ინსტიტუტები (მუზეუმის  განმარტებისა და პროფილის შესაბამისად)
  • არაკომერციული ინსტიტუციები ან ორგანიზაციები, რომელთა კვლევითი საქმიანობა მოიცავს სამუზეუმო სფეროსთან დაკავშირებულ აქტივობებს – კონსერვაცია, განათლება, ტრეინინგი, დოკუმენტაცია და სხვ. (მუზეუმის განმარტების შესაბამისად)
  • კულტურის ცენტრები და სხვა ინსტიტუციები, რომელთა საქმიანობა ხელს უწყობს მატერიალური და არამატერიალური მემკვიდრეობის მართვასა და განვითარებას (მუზეუმის  განმარტებისა და პროფილის შესაბამისად).

მხარდამჭერი წევრები

  • ინდივიდუალური ან ინსტიტუციური წევრები, რომელთაც სურთ ICOM-ის წევრობა გამომდინარე მათი მაღალი ინტერესიდან მუზეუმებისა და სამუზეუმო სფეროსადმი, და წევრობის მაღალი გადასახადის გადახდით ხელს უწყობენ  ICOM-ის აქტივობების განხორციელებას.

ინდივიდუალური და სტუდენტური კატეგორიის წევრობის მსურველებმა უნდა გამოაგზავნონ და შეავსონ შემდეგი დოკუმენტაცია:

  1. განმცხადებლის სამოტივაციო წერილი;
  2. ოფიციალური ცნობა სამუშაო ადგილიდანთანამდებობის და სამსახურის დაწყების წლების (მოითხოვება მინიმუმ 2 წლის მუშაობის სტაჟი) მითითებით; (სტუდენტის შემთხვევაში, სწავლის დამადასტურებელი ოფიციალური ცნობა უნივერსიტეტიდან)
  3. პირადობის მოწმობის ან პასპორტის ასლი;
  4. ICOM-ის მოქმედი წევრის რეკომენდაცია (სტუდენტის შემთხვევაში – მისი ხელმძღვანელის რეკომენდაცია)რეკომენდაციაში არგუმენტირებულად უნდა დასაბუთდეს განმცხადებლის წევრობის შესაბამისობა და მისი სამომავლო კონტრიბუცია ICOM-ის მიზნებისა და ამოცანების შესრულებაში. გაითვალისწინეთ, რომ ერთ წევრს მხოლოდ ორი რეკომენდაციის გაცემა შეუძლია. 
  5. ინგლისურ ენაზე: წევრობის სრულად შევსებული online სააპლიკაციო ფორმა (იხ. დანართი). 

ინსტიტუციური კატეგორიის წევრობის მსურველებმა უნდა გამოაგზავნონ შემდეგი დოკუმენტაცია:

  1. განცხადება ააიპ იკომის საქართველოს ეროვნული კომიტეტის სახელზე;
  2. მუზეუმის/სამუზეუმო ინსტიტუციის რეგისტრაციის ოფიციალური დოკუმენტი;
  3. მუზეუმის/სამუზეუმო ინსტიტუციის მისიის, ამოცანების და საქმიანობის, მათ შორის მიმდინარე ღონისძიებების/პროექტების მოკლე აღწერის დოკუმენტი;
  4. ინგლისურ ენაზე: წევრობის სრულად შევსებული online სააპლიკაციო ფორმა (იხ. დანართი).   
წევრობის სააპლიკაციო სრული დოკუმენტაცია უნდა გაიგზავნოს კომიტეტის ელ-ფოსტაზე icomgeo@gmail.com 2024 წლის 28 თებერვლამდე. 
გთხოვთ, გაითვალისწინეთ, რომ განაცხადის მიღება (განსახილველად) დაუდასტურდება მხოლოდ იმ აპლიკანტებს, რომელთაც გამოგზავნილი ექნებათ სრული სააპლიკაციო განაცხადი. 
ICOM საქართველოს საბჭო სააპლიკაციო განაცხადებს განიხილავს ორ ეტაპად:
  • 6 თებერვალს განიხილება 31 იანვრის ჩათვლით შემოსული სააპლიკაციო განაცხადები
  • 6 მარტს განიხილება 28 თებერვლის ჩათვლით შემოსული სააპლიკაციო განაცხადები
განმცხადებლებს შესაბამისი პასუხი ეცნობებათ კომიტეტის განხილვის დასრულებიდან 5 სამუშაო დღის ვადაში.
წევრობის წლიური გადასახადი: 
  • ინდივიდუალური კატეგორიის წევრობის წლიური გადასახადი – 90 ლარი
  • სტუდენტური კატეგორიის წევრობის წლიური გადასახადი – 50 ლარი 
  • ინსტიტუციური კატეგორიის წევრობის წლიური გადასახადი (კატეგორია 1 / მუზეუმის წლიური ოპერაციული ბიუჯეტი: 30 000 ევრომდე) – 640 ლარი
  • ინსტიტუციური კატეგორიის წევრობის წლიური გადასახადი (კატეგორია 2 / მუზეუმის წლიური ოპერაციული ბიუჯეტი: 30 000-დან 100 000 ევრომდე) – 790 ლარი
  • მხარდამჭერი ინდივიდუალური კატეგორიის წლიური გადასახადი – 740 ლარი

[instagram-feed]