June 9, 2022
ICOM საქართველო ეხმიანება საქართველოს სამუზეუმო სფეროში უახლოეს პერიოდში განვითარებულ მოვლენებს. განცხადება
9 ივნისი, 2022
ICOM-ის საქართველოს ეროვნული კომიტეტი ეხმიანება საქართველოს სამუზეუმო სფეროში უახლოეს პერიოდში განვითარებულ მოვლენებს.
საგანგაშოდ მივიჩნევთ, 2021 წლის ბოლოდან დღემდე სსიპ საქართველოს ეროვნული მუზეუმიდან კვალიფიციური კადრების მასობრივი განთავისუფლების პროცესს, რომლის შედეგადაც დღეისათვის განთავისუფლებულია 60-ზე მეტი თანამშრომელი. საზოგადოებისთვის ბუნდოვანია, თუ რა კრიტერიუმებით მოახდინა მუზეუმის თანამშრომელთა კომპეტენციის დადგენისა და შერჩევის მიზნით შექმნილმა კომისიამ სხვადასხვა სპეციალობის თანამშრომელთა კომპეტენციის შეფასება და რა არგუმენტების საფუძველზე მიიღო გადაწყვეტილება პროფესიული კადრების განთავისუფლების შესახებ.
ICOM საქართველო მიუღებლად მიიჩნევს მუზეუმიდან მრავალწლიანი გამოცდილებისა და ფასდაუდებელი ინსტიტუციური მეხსიერების მქონე, კვალიფიციური პერსონალის განთავისუფლებას და მოუწოდებს მუზეუმის ხელმძღვანელობას რეორგანიზაციის პროცესის განხორციელებისას იხელმძღვანელოს პროფესიულ ეთიკასა და შესაბამის კომპეტენციაზე დაფუძნებული გადაწყვეტილებებით.
ამასთანავე, მიუღებელია, საქართველოს კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის მინისტრის 2022 წლის 1 თებერვლის ბრძანებით (# 05/02), საქართველოს ეროვნული მუზეუმის დებულებაში (საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრის 2019 წლის 18 ივნისის #110/ნ) განხორციელებული ცვლილება, რომლის მიხედვითაც შეიზღუდა სამუზეუმო სფეროს წარმომადგენლებისთვის პროფესიული ვალდებულებების შესრულების უფლება და სამუზეუმო ფონდებზე ხელმისაწვდომობა, როგორც სამეცნიერო და კვლევითი, ისე საგანმანათლებლო მიმართულებით. 2022 წლის 11 თებერვალს ICOM – საქართველო გამოეხმაურა აღნიშნულ ცვლილებას, რომელიც წინააღმდეგობაში მოდის მუზეუმის თანამედროვე განმარტებასა და მისიასთან და არღვევს მუზეუმების საერთაშორისო საბჭოს (ICOM) სამუზეუმო პროფესიული ეთიკის კოდექსის არაერთ პრინციპს (ICOM code for Ethics for Museums, 2018), რომლის მიხედვითაც მუზეუმებს აქვთ განსაკუთრებული პასუხისმგებლობა, უზრუნველყონ კოლექციების მაქსიმალური ხელმისაწვდომობა კვლევისა და განათლებისთვის, ასევე – ვალდებულება ცოდნისა და გამოცდილების გაზიარების მიმართულებით.
თანამშრომელთა განთავისუფლება და სამუზეუმო დებულებაში შეტანილი სხვადასხვა ცვლილება საფრთხეს უქმნის არაერთი მიმდინარე საერთაშორისო, მულტიდისციპლინური პროექტისა და ექსპედიციის განხორციელებას. ყოველივე ეს კი აფერხებს ქართველ მეცნიერთა საერთაშორისო სამეცნიერო წრეებში ინტეგრაციას და გამოიწვევს ქართული სამეცნიერო სკოლების საერთაშორისო იზოლაციას.
ICOM საქართველო დადებითად აფასებს საქართველოს ეროვნული მუზეუმის შ. ამირანაშვილის სახელობის ხელოვნების მუზეუმის ამორტიზებული შენობიდან საგანძურის გადაადგილების პროცესის დაწყებას, თუმცა განსაკუთრებულ ყურადღებას ამახვილებს ამ პროცესის გამჭვირვალობის აუცილებლობაზე, ევაკუაციის მომდევნო ეტაპებსა და ვადებზე.
ICOM საქართველო, იმედს გამოთქვამს, რომ შესაბამისი კომპეტენციისა და გამოცდილების მქონე სპეციალისტებს კვლავ მიეცემათ შესაძლებლობა, გააგრძელონ მუზეუმში თავიანთი პროფესიული საქმიანობა, დაინტერესებული საზოგადოებისთვის ხელმისაწვდომი გახდება სამუზეუმო კოლექციები სამეცნიერო-კვლევითი და საგანმანათლებლო მიმართულებით და შ. ამირანაშვილის სახელობის ხელოვნების მუზეუმის კოლექციების გადაადგილება განხორციელდება შესაბამისი წესებისა და სტანდარტის დაცვით, კოლექციებისათვის შესაფერის და დაცულ სივრცეში.
ICOM საქართველო, ორგანიზაციული გამოცდილებითა და ეროვნული კომიტეტის წარმომადგენლების კომპეტენციებით მზაობას გამოთქვამს, ჩვენს ხელთ არსებული ყველა რესურსი გამოვიყენოთ თანამშრომლობისა და პროცესში მონაწილეობისთვის.