November 10, 2022
ICOM საქართველოს განცხადება გავრცელებულ დეზინფორმაციაზე რამდენიმე მუზეუმის ინსტიტუციურ წევრად მიღება-არმიღების შესახებ განცხადება
ICOM-ის საქართველოს ეროვნული კომიტეტის განცხადება სსიპ საქართველოს ხელოვნების სასახლე-კულტურის ისტორიის მუზეუმის მხრიდან გავრცელებულ დეზინფორმაციაზე მუზეუმის ინსტიტუციურ წევრად მიღება-არმიღების შესახებ.
ICOM საქართველოს მიერ ICOM-ში გაწევრიანების ვადა ყოველწლიურად 15 დეკემბრიდან მომდევნო წლის 28 თებერვლამდე პერიოდს მოიცავს. კომიტეტში ინდივიდუალურ, სტუდენტურ და მხარდამჭერ კატეგორიებად გაწევრიანებაზე განაცხადები იგზავნება ინდივიდუალურად განმცხადებლის მიერ, ხოლო ინსტიტუციური კატეგორიით წევრობაზე – ინსტიტუციის მიერ. აღნიშნული ვადის გასვლის შემდეგ კომიტეტში შემოსული განაცხადები, განხილვას არ ექვემდებარება. ICOM-ის ყველა ეროვნული კომიტეტი ვალდებულია ყოველწლიურად 1 აპრილამდე გააგზავნოს ეროვნული კომიტეტის მიერ დამტკიცებული წევრების განაცხადები და საწევრო გადასახადები ICOM-ის სათაო ოფისში.
ICOM-ის საქართველოს ეროვნული კომიტეტის თავმჯდომარის უცაბედი გარდაცვალების შემდეგ, კომიტეტში 2021 წლის სექტემბრიდან რეორგანიზაციის პროცესი (კომიტეტის არსებული წესდების რედაქტირება, წევრთა საერთო კრების დაგეგმვა, კომიტეტის ახალი საბჭოსა და თავმჯდომარის არჩევნები და სხვ.) დაიწყო, რის საფუძველზეც კომიტეტის მმართველი საბჭოს გადაწყვეტილებით, წევრობის განაცხადების მიღების ვადა 2022 წლის 7 მარტამდე გაგრძელდა.
2021 წლის 15 დეკემბრიდან ICOM-ის საქართველოს ეროვნულმა კომიტეტმა წესისამებრ, დაიწყო წევრობის (ინდივიდუალური და ინსტიტუციური) მსურველთა განაცხადების მიღება.
2022 წლის 2 მარტს კომიტეტში შემოვიდა სსიპ “საქართველოს ხელოვნების სასახლე – კულტურის ისტორიის მუზეუმისა” და სსიპ “დადიანების სასახლეთა ისტორიულ-არქიტექტურული მუზეუმის” განაცხადები ინსტიტუციური კატეგორიით გაწევრიანების თაობაზე.
ICOM საქართველოს იმ დროს მოქმედი წესდების მე-4 მუხლის მე-5 პუნქტის თანახმად, ახალ წევრებს ყოველწლიურად ამტკიცებდა კომიტეტის თავმჯდომარე. 2022 წლის გაწევრიანების პერიოდში კი, კომიტეტი თავმჯდომარის გარეშე ფუნქციონირებდა, შესაბამისად, კომიტეტის მმართველ საბჭოს ახალი წევრების დამტკიცების ლეგიტიმაცია არ ჰქონდა. ICOM საქართველოსა და ICOM-ის სათაო ოფისს შორის მოხდა შეთანხმება, რომ აღნიშნული პირობებიდან გამომდინარე, ახალი წევრების ლეგიტიმურად დამტკიცება მოხდებოდა კომიტეტის ახალი საბჭოსა და თავმჯდომარის არჩევის შემდეგ, შესაბამისად, დამტკიცებული წევრების სიისა და საწევრო გადასახადების სათაო ოფისში გაგზავნის ვადა მიმდინარე წლის 1 მაისამდე გაგრძელდა. Ამ შეთანხმების საფუძველზე 2022 წლის 18 მარტს გაწევრიანების მსურველ ყველა აპლიკანტს (ინდივიდუალური და ინსტიტუციური) ეცნობა, რომ მათი საწევრო განაცხადების განხილვის და შესაბამისად, დამტკიცების პროცესი შეჩერდა კომიტეტის ახალი საბჭოსა და თავმჯდომარის არჩევამდე.
2022 წლის 9 აპრილს ჩატარდა ICOM-ის საქართველოს ეროვნული კომიტეტის წევრთა საერთო კრება, სადაც დამტკიცდა კომიტეტის რედაქტირებული წესდება, ჩატარდა საბჭოს წევრების არჩევნები და არჩეულ იქნა კომიტეტის ახალი საბჭო 11 წევრის შემადგენლობით, ახალი საბჭოს მიერ კი, არჩეულ იქნა კომიტეტის თავმჯდომარე. 2022 წლის 19 აპრილს, წევრთა საერთო კრების შედეგად მიღებული შედეგები (ახალი წესდება, ახალი საბჭო და თავმჯდომარე) იურიდიულად დარეგისტრირდა საჯარო რეესტრში,რის შემდეგაც კომიტეტის უფლებამოსილმა საბჭომ და თავმჯდომარემ განიხილეს წევრობაზე შემოსული ყველა განაცხადი (ინდივიდუალური და ინსტიტუციური). 2022 წლის 23-28 აპრილს კი, თითოეულ აპლიკანტს ეცნობა პასუხი საკუთარ განაცხადებზე და დადებითი პასუხების საფუძველზე, მათ განესაზღვრათ საწევრო გადასახადების გადახდის ვადა.
2022 წლის 21 აპრილს ICOM-ის საქართველოს ეროვნული კომიტეტის ელ-ფოსტაზე შემოვიდა ინსტიტუციური კატეგორიით გაწევრიანების მსურველთა 4 განაცხადი შემდეგი ინსტიტუციებისგან: სსიპ “საქართველოს ხელოვნების სასახლე – კულტურის ისტორიის მუზეუმი”, სსიპ “დადიანების სასახლეთა ისტორიულ-არქიტექტურული მუზეუმი”, სსიპ “საქართველოს ეროვნული მუზეუმი” და “სსიპ – საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტო”. საქართველოს ეროვნულ მუზეუმსა და საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნულ სააგენტოს პასუხად ეცნობათ, რომ გაწევრიანებაზე განაცხადების შემოსვლის ვადა დასრულდა მიმდინარე წლის 7 მარტს, შესაბამისად, 21 აპრილს განაცხადების გამოგზავნა დაგვიანებული იყო და შეეძლოთ განაცხადები ხელახლა გამოეგზავნათ მიმდინარე წლის დეკემბერში.
“საქართველოს ხელოვნების სასახლესა” და “დადიანების სასახლეთა ისტორიულ-არქიტექტურულ მუზეუმს” კი, რომელთაც განაცხადები 2 მარტს უკვე ჰქონდათ გამოგზავნილი, კომიტეტის ახალი საბჭოსა და თავმჯდომარის იურიდიულად რეგისტრაციის შემდეგ, 28 აპრილს ეცნობათ დადებითი პასუხი და დაუდასტურდათ ინსტიტუციურ წევრად მიღება, თუმცა “საქართველოს ხელოვნების სასახლესა” და დადიანების სასახლეთა ისტორიულ-არქიტექტურულ მუზეუმს” კომიტეტისგან გამოგზავნილი წერილები არ დაუდასტურებიათ უკუ-კავშირით, რის შემდეგაც ორივე მუზეუმს გაეგზავნა განმეორებითი წერილები, კომიტეტის მიერ ასევე განხორციელდა თითოეულთან სატელეფონო კომუნიკაცია, რის შემდეგაც აღნიშნულმა მუზეუმებმა მოკლედ დაადასტურეს კომიტეტის წერილის მიღება. ამის შემდეგ, კომიტეტის მხრიდან იმავე წერილის რამდენჯერმე გაგზავნის და საწევრო გადასახადის გადახდაზე ვადის გადაწევის (6 მაისი) მიუხედავად, არც “საქართველოს ხელოვნების სასახლემ” და არც დადიანების სასახლეთა ისტორიულ-არქიტექტურულმა მუზეუმმა” წერილობით არ დაადასტურა კომიტეტის მხრიდან მათ ინსტიტუციურ წევრობაზე დადებითი პასუხი და არ განახორციელა საწევრო გადასახადის გადარიცხვა.
როგორც ზემოთ აღვნიშნეთ, ICOM-ის სათაო ოფისთან შეთანხმებით ICOM საქართველო ვალდებული იყო 1 მაისს გაეგზავნა სათაო ოფისში საბოლოო დოკუმენტაცია მიმდინარე წლის გაწევრიანების თაობაზე. ამ ვადის მიუხედავად, ICOM საქართველომ ზემოაღნიშნულ ორ მუზეუმს რამდენჯერმე გადაუწია დასტურის გამოგზავნის და გადასახადების გადახდის ვადა, თუმცა ამ მუზეუმების მხრიდან არცერთი განხორციელდა. 6 მაისის შემდეგ კი, ყოველგვარი ვადა ამოწურული იყო, შესაბამისად, კომიტეტი იძულებული გახდა აღნიშნული მუზეუმების გაწევრიანების საკითხი დაეხურა და 2022 წლის გაწევრიანების დადასტურებული დოკუმენტაცია გადაეგზავნა ICOM-ის სათაო ოფისში.
ICOM-ის საქართველოს ეროვნული კომიტეტი კიდევ ერთხელ ხაზს უსვამს იმ ფაქტს, რომ სსიპ “საქართველოს ხელოვნების სასახლე – კულტურის ისტორიის მუზეუმისა” და სსიპ “დადიანების სასახლეთა ისტორიულ-არქიტექტურული მუზეუმის” მიერ 2022 წლის 2 მარტს შემოტანილი განაცხადები ინსტიტუციური კატეგორიით გაწევრიანებაზე განხილულ იქნა კომიტეტის ახალი საბჭოსა და თავმჯდომარის იურიდიულად რეგისტრაციის (2022 წლის 19 აპრილი) შემდეგ და დადებითი პასუხები წევრად მიღებაზე მიმდინარე წლის 28 აპრილს გაეგზავნა ორივე მუზეუმს. კომიტეტის მხრიდან რამდენჯერმე განხორციელდა შეხსენების წერილების გაგზავნა და საწევრო გადასახადის გადახდაზე ვადის გადაწევა, თუმცა არც “საქართველოს ხელოვნების სასახლის” და არც “დადიანების სასახლეთა ისტორიულ-არქიტექტურული მუზეუმის” მხრიდან წევრად მიღების პასუხი არ დადასტურებულა, შესაბამისად, ამ მუზეუმების მხრიდან წევრობის გადასახადების გადახდაც არ განხორციელებულა.
ზემოაღნიშნული პროცესის ამსახველი დოკუმენტაცია/კორესპონდენცია დაცულია ICOM-ის საქართველოს ეროვნულ კომიტეტში.