ICOM ევროპის 2024 წლის კონფერენცია და ტრენინგი

ICOM ევროპის 2024 წლის კონფერენცია და ტრენინგი: „მემკვიდრეობის მდგრადობა: კულტურული მემკვიდრეობის დაცვა კრიზისულ ზონებში“

25-29 ნოემბერი, 2024 / თბილისი, საქართველო

ICOM საქართველო მასპინძლობს ICOM-ის ევროპის რეგიონალური ალიანსის საერთაშორისო კონფერენციას და ტრენინგების სერიას თემაზე: „მემკვიდრეობის მდგრადობა: კულტურული მემკვიდრეობის დაცვა კრიზისულ ზონებში“, რომელიც ეძღვნება იუნესკოს ჰააგის კონვენციის 70-ე წლის იუბილეს შეიარაღებული კონფლიქტის დროს კულტურული ფასეულობების დაცვის შესახებ.

ღონისძიება დაიწყება სპეციალიზებული ტრენინგების სერიით, რომელიც მიზნად ისახავს კატასტროფების რისკის მართვის, საგანგებო სიტუაციების დროს მზადყოფნისა და კრიზისული სიტუაციების დროს კომუნიკაციის უნარების გაუმჯობესებას. ეს ტრენინგი მონაწილეებს ასწავლის პრაქტიკულ სტრატეგიებს კულტურული მემკვიდრეობის დასაცავად კონფლიქტის ზონაში, ფოკუსირებულია კატასტროფებზე რეაგირებაზე, საზოგადოების თანამონაწილეობაზე და ეფექტურ კომუნიკაციაზე საგანგებო სიტუაციების დროს.

ტრენინგების სერიის შემდეგ, საერთაშორისო კონფერენციაზე შეიკრიბებიან საერთაშორისო ექსპერტები და განიხილავენ საფრთხის ქვეშ მყოფი კულტურული მემკვიდრეობის დაცვასთან დაკავშირებულ ფართო გამოწვევებსა და გადაწყვეტილებებს. კონფერენცია მოიცავს საუკეთესო პრაქტიკის გაზიარებას, სადისკუსიო თემებს სხვადასხვა ორგანიზაციის როლებსა და სტრატეგიების შესახებ კულტურული ფასეულობების განზრახ განადგურების პრევენციის მიზნით. კონფერენცია მიზნად ისახავს, შექმნას ცოდნის გაზიარების, რთული საკითხების გადაჭრისა და საერთაშორისო თანამშრომლობის გაძლიერების პლატფორმა.

ღონისძიება გაიმართება ICOM ევროპისა და ICOM საქართველოს ხელმძღვანელობით, ICOM-ის საერთაშორისო კომიტეტებისა (DRMC, MPR) და ICOM-ის საფრანგეთის, ავსტრიის, ბელგიისა და იტალიის ეროვნული კომიტეტების მონაწილეობით, Blue Shield საფრანგეთის, Blue Shield საქართველოს Opificio delle Pietre Dure-სა და Istituto Centrale Per Il Restauro-სთან თანამშრომლობით.

ტრენინგებისს სერია მხარდაჭერილია ICOM SAREC 2024 წლის სოლიდარობის გრანტის მიერ.

დამატებით ინფორმაცია რეგისტრაციისა და თეზისების შესახებ გამოქვეყნდება 2024 წლის 5 აგვისტოს.