Join ICOM

საქართველო

საქართველო

ICOM-ის საქართველოს ეროვნული კომიტეტი

All news

January 24, 2024

განცხადება სოხუმის ეროვნულ გალერეაში მომხდარ ხანძართან დაკავშირებით განცხადება

ლურჯი ფარის საქართველოს ეროვნული კომიტეტისა და ICOM-ის საქართველოს ეროვნული კომიტეტის  განცხადება სოხუმის ეროვნულ გალერეაში მომხდარ ხანძართან დაკავშირებით

გვსურს გამოვეხმაუროთ სოხუმში, 2024 წლის 21 იანვარს ეროვნულ სამხატვრო გალერეაში მომხდარ ხანძარს, რომელმაც გაანადგურა შენობაში დაცული მე-19 და მე-20 საუკუნეების მხატვართა 4000-მდე ხელოვნების ნიმუში, მათ შორის ალექსანდრე შერვაშიძე-ჩაჩბას 300-ზე მეტი ნამუშევარი. 

დე-ფაქტო რესპუბლიკის ე.წ. კულტურის მინისტრის, დინარა სმირის განცხადებით, ეროვნული სამხატვრო გალერეის ფონდებიდან, რომლებიც „აფხაზეთის მხატვართა კავშირის“ შენობის ცენტრალური საგამოფენო დარბაზის მეორე სართულზე ინახებოდა, მხოლოდ 150-მდე ექსპონატის გადარჩენა მოხერხდა, ალექსანდრე შერვაშიძე-ჩაჩბას ნამუშევრები კი სრულად განადგურდა. გალერეის დირექტორის, სურამ საკანიას თქმით, ხანძარი შენობის სახურავზე ელექტრო გაყვანილობას გაუჩნდა. 

ლურჯი ფარისა და იკომის საქართველოს ეროვნული კომიტეტები ხაზს ვუსვამთ გადარჩენილი ექსპონატებისთვის პირველადი დახმარების აღმოჩენის აუცილებლობას და მზად ვართ, გალერეის მესვეურთ გავუწიოთ კონსულტაცია როგორც გადაუდებელი დახმარების, ისე რესტავრაციის კუთხით და დავეხმაროთ საერთაშორისო ექსპერტების მოწვევაში. 

მიუღებლად მივიჩნევთ აფხაზეთის მხარის მიერ ი. გრაბარის სახელობის სრულიად რუსეთის ხელოვნების სამეცნიერო და აღდგენითი ცენტრის, რესტავრაციის სახელმწიფო კვლევითი ინსტიტუტის, ტრეტიაკოვის გალერეისა და რუსეთის მუზეუმის წარმომადგენლების მოწვევას. გამომდინარე იქიდან, რომ რუსეთის მხარე დაკავშირებულია მემკვიდრეობის განადგურების, დაზიანებისა და დატაცების არაერთ შემთხვევასთან, აღნიშნულ მუზეუმებთან აღარ თანამშრომლობენ მსოფლიოს წამყვანი მუზეუმები.

ლურჯი ფარის და იკომის საქართველოს ეროვნული კომიტეტები მომხდარის შესახებ ინფორმაციას აწვდიან და დახმარების თხოვნით მიმართავენ საერთაშორისო ლურჯ ფარს, საერთაშორისო იკომსა და იუნესკოს.

მომხდარი ტრაგედია ცხადყოფს, რომ აუცილებელია აფხაზეთის ტერიტორიაზე არსებული კულტურული მემკვიდრეობის მდგომარეობის შესწავლა, ძეგლებისა და კულტურის ინსტიტუციების დაცვისათვის აუცილებელი სამუშაოების დაგეგმვა და განხორციელება მათი მსგავსი კრიზისული ვითარებისგან დასაცავად. ამ მიზნით აქტუალობას არ კარგავს საერთაშორისო მისიის მოვლინების საკითხი.

ალექსანდრე შერვაშიძე-ჩაჩბა გრაფიკოსი, ფერმწერი, სცენოგრაფი და ხელოვნების კრიტიკოსი, მოღვაწეობდა სოხუმში, სანქტ-პეტერბურგსა და პარიზში, სადაც ცხოვრების დიდი ნაწილი გაატარა. 1958 წელს მან საქართველოში გამოაგზავნა საკუთარი ნამუშევრების კოლექცია, იმავე წელს მოეწყო მხატვრის პირველი პერსონალური გამოფენა თბილისში. კოლექციის ნაწილი დაცულიასაქართველოს ეროვნული მუზეუმის შალვა ამირანაშვილის სახელობის ხელოვნების მუზეუმში (თბილისი), ნაწილი კი დაცული იყო  სოხუმის ეროვნულ გალერეაში.

  • განცხადება ეკუთვნის ლურჯი ფარის და ICOM-ის საქართველოს ეროვნულ კომიტეტებს, ის არ გამოხატავს საერთაშორისო ლურჯი ფარის ან საერთაშორისო ICOM-ის მოსაზრებას.

[instagram-feed]