2018 – ICOM CECA
ICOM CECA-ს 2018 წლის საერთაშორისო კონფერენცია
მუზეუმები, განათლება და კულტურული აქტივობა: ძველსა და თანამედროვე მნიშვნელობებს შორის
24 – 27 სექტემბერი, 2018 / თბილისი, საქართველო
კონფერენციის ვებ-გვერდი: www.ceca2018.ge
კონფერენციის ორგანიზატორები:
- ICOM CECA (სამუზეუმო განათლებისა და კულტურული აქტივობების საერთაშორისო
კომიტეტი) - ICOM-ის საქართველოს ეროვნული კომიტეტი
კონფერენციის თანაორგანიზატორები:
- საქართველოს კულტურისა და სპორტის სამინისტრო
- ქ. თბილისის მერია
- საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტო
- საქართველოს ეროვნული მუზეუმი
- თბილისის სახელმწიფო სამხატვრო აკადემია
- საქართველოს თეატრის, მუსიკის, კინოსა და ქორეოგრაფიის სახელმწიფო მუზეუმი – ხელოვნების სასახლე
- საქართველოს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაცია
კონფერენციის თემატიკა
CECA აერთიანებს მუზეუმის ორ ძირითად კომპონენტს: განათლება და კულტურული აქტივობები. ცნება „კულტურული აქტივობა“ დამკვიდრდა როგორც ტერმინი, რომელიც თავისთავში აერთიანებს იმ აქტივობებს, რაც კულტურულ და შემოქმედებით საზოგადოებას უფრო მჭიდროდ აკავშირებს პუბლიკასთან. CECA-ს მიერ 2017 წელს ჩატარებულმა კვლევებმა გამოავლინა, რომ „კულტურული აქტივობა“ დაკავშირებულია არაფორმალურ განათლებასთან, რაშიც არ იგულისხმება სასკოლო ჯგუფებთან დაკავშირებული სწავლება. დღესდღეობით, აშკარაა, რომ ეს ტერმინი ყველასთვის გასაგები არ არის. აქედან გამომდინარე, CECA-ს 2018 წლის კონფერენციის მიზანი იყო დისკუსიის გამართვა თემაზე: რას ნიშნავს ცნება ”კულტურული აქტივობა” და ამ კონცეფტის მნიშვნელობის განხილვა მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყანაში.
კონფერენციის თემატიკა მოიცავდა შემდეგ საკითხებს: სამუზეუმო განათლებისა და კულტურული აქტივობის თეორიულ-მეთოდოლოგიური მიდგომები; კულტურული აქტივობის ფორმები და კავშირი განათლებასთან; სამუზეუმო სივრცის, კოლექციებისა და პერსონალის როლი კულტურული აქტივობის განვითარებაში; საგანმანათლებლო და კულტურული აქტივობები აუდიტორიისა და არამხოლოდ მათთვის (ასევე ციფრული აუდიტორიისთვის); განათლებისა და კულტურული აქტივობის როლი მუზეუმის მისიის განხორციელებაში; მუზეუმები და აქტივიზმი; საგანმანათლებლო პროგრამებისა და კულტურული აქტივობების საუკეთესო პრაქტიკის მაგალითები და სხვა.
კონფერენციაში მონაწილეობა მიიღო მსოფლიოს 35-ზე მეტი ქვეყნის (იტალია, გერმანია, საფრანგეთი, აშშ, ავსტრია, ნიდერლანდები, ნორვეგია, ავსტრალია, დიდი ბრიტანეთი, პორტუგალია, დანია, ესპანეთი, კვიპროსი, ფინეთი, ჩინეთი, ბელგია, საბერძნეთი, კანადა, ჩრდ. ირლანდია, თურქეთი, მექსიკა, ირანი, რუსეთი, ბრაზილია, არგენტინა, სამხრეთ აფრიკა, ისრაელი, ინდოეთი, ყატარი, სინგაპური და სხვ.) 120-ზე მეტმა ექსპერტმა, მათ შორის საქართველოს მუზეუმების 35 წარმომადგენელმა, აგრეთვე რომის, ულსტერის, მურციას, მადრიდის, მონრეალის, ლონდონის, ნორვეგიის, ყატარის, შანხაის, ამსტერდამის, სამხრეთ ტექსასის, საქართველოს სხვადასხვა უნივერსიტეტის პროფესორებმა და მუზეოლოგიის სამაგისტრო პროგრამების ხელმძღვანელებმა/ლექტორებმა.
კონფერენციის ფარგლებში მოეწყო CECA საუკეთესო პრაქტიკის გამარჯვებულთა პრეზენტაცია და დაჯილდოების ცერემონიალი; კონფერენციის მონაწილეთა და დელეგატებისთვის წინასწარი რეგისტრაციის საფუძველზე ჩატარდა უფასო პროფესიული ვორქშოფები; ასევე გაიხსნა მხატვარ ქეთი მატაბელისა და მისი შემოქმედებითი ჯგუფის საავტორო გამოფენა – „ვხედავ და ვქმნი თითებით”.
CECA 2018 წლის კონფერენცია ჩატარდა „კულტურული მემკვიდრეობის ევროპული წელი 2018″-ისა და „მეცნიერებისა და ინოვაციების ფესტივალის” ფარგლებში.
კონფერენციის ფოტო-ალბომი: ICOMGeorgia/CECA
ICOM CECA – სამუზეუმო განათლებისა და კულტურის აქტივობების კომიტეტი წარმოადგენს ICOM-ის ერთ-ერთ უძველეს საერთაშორისო კომიტეტს, რომელიც აერთიანებს 1000-ზე მეტ წევრს მსოფლიოს 85 ქვეყნიდან. CECA-ს წევრები შეიძლება გახდნენ მუზეუმის საგანმანათლებლო მიმართულების სპეციალისტები, კურატორები, პროფესორები და სხვ.
CECA-ს მიზანია სამუზეუმო განათლებისა და კულტურული აქციების განვითარების ხელშეწყობა; სამუზეუმო სფეროს შესაბამისი მიმართულების სპეციალისტებს შორის ინფორმაციის გაცვლისა და თანამშრომლობის მიზნით საერთაშორისო ფორუმების ორგანიზება; საკუთარი წევრების აქტივობების პროგრამის შემუშავება; სამეცნიერო კვლევების ხელშეწყობა; პროფესიული სტანდარტების განვითარება;
ICOM-ის ეროვნულ და საერთაშორისო კომიტეტებთან, აგრეთვე რეგიონულ ორგანიზაციებთან თანამშრომლობა განათლებისა და კულტურული აქციების პოპულარიზაციისა და გაუმჯობესების მიზნით მთელი მსოფლიოს მასშტაბით.