April 19, 2022
ICOM საქართველოს წევრთა საერთო კრება – საბჭოს ახალი წევრებისა და თავმჯდომარის არჩევა წევრებისთვის
2022 წლის 9 აპრილს ICOM საქართველოს საერთო კრებაზე 384-დან 237 წევრი შეიკრიბა კომიტეტის ბოლო პერიოდის აქტივობების გაცნობის, რედაქტირებული წესდების დამტკიცების, აღმასრულებელი საბჭოს წევრებისა და ახალი თავმჯდომარის არჩევნების მიზნით. წევრთა საერთო კრება ქართული სახვითი ხელოვნების მუზეუმში გაიმართა.
საერთო კრებისა და არჩევნების შესახებ ინფორმაცია კრებამდე წევრებს შორის გავრცელდა ელ-ფოსტით და გამოქვეყნდა კომიტეტის ვებ-გვერდზე.
ICOM საქართველოს საერთო კრების მოკლე მიმოხილვა:
- საერთო კრებაზე წევრებმა პატივი მიაგეს ICOM საქართველოს აწგარდაცვლილი თავმჯდომარის პროფესორ ინგა ქარაიას ხსოვნას და განსაკუთრებული მადლიერება გამოხატეს მისი ხელმძღვანელობისა და ICOM საქართველოსა და მთელი სამუზეუმო საზოგადოების წინაშე გაწეული განუზომელი ღვაწლისთვის.
- კრებაზე წარდგენილ იქნა ICOM საქართველოს წესდების რედაქტირებული ვერსია და დოკუმენტში განხორციელებული ცვლილებები. მოკლე დისკუსიის შემდეგ, ახალი წესდება წევრთა 231 ხმით 6-ის წინააღმდეგ, დამტკიცდა;
- კრებას წარედგინა ICOM საქართველოს (2020-2021) საქმიანობის მოკლე ანგარიში.
- ICOM საქართველოს აღმასრულებელი საბჭოს წევრობის თანამდებობაზე კრებამდე ცხრამეტმა ადამიანმა წარადგინა კანდიდატურა. ახალი წესდების მე-11 მუხლის 11.1 და 11.2 პუნქტების შესაბამისად, კრებაზე 226 წევრის მიერ ფარული კენჭისყრით ICOM-ის საქართველოს ეროვნული კომიტეტის აღმასრულებელი საბჭოს წევრად აირჩიეს საუკეთესო შედეგის მქონე 11 კანდიდატი: ლანა ქარაია, ნინო სანადირაძე, მარიამ ჩხაიძე, ელინა ვალაიტე, ირინე გივიაშვილი, სალომე გურული, მანანა თევზაძე, მაკა კვარაცხელია, ანა შანშიაშვილი, ირაკლი ხორბალაძე, ნინო ხუნდაძე.
- საბჭოს ახლადარჩეულმა ათმა წევრმა (არ ესწრებოდა 1 წევრი – ანა შანშიაშვილი) კომიტეტის ახალ თავმჯდომარედ ერთხმად ლანა ქარაია აირჩია.
- იხილეთ სრული ინფორმაცია ICOM საქართველოს ახალი აღმასრულებელი საბჭოს 2022-2025 შესახებ.
2022 წლის 19 აპრილს ICOM საქართველოს ახალი წესდება და აღმასრულებელი საბჭოს წევრების შესახებ დოკუმენტაცია იურიდიულად დარეგისტრირდა საქართველოს საჯარო რეესტრში.
ვულოცავთ ICOM-ის საქართველოს ეროვნული კომიტეტის ახალ თავმჯდომარეს და აღმასრულებელი საბჭოს წევრებს ამ საპასუხისმგებლო თანამდებობაზე არჩევას. დიდ მადლიერებას გამოვხატავთ ICOM საქართველოს წინა აღმასრულებელი საბჭოს მიმართ მათ მიერ გაწეული მნიშვნელოვანი სამუშაოსთვის.