July 4, 2023
ICOM და ICOM საქართველო თბილისის ქალთა მე-2 საერთაშორისო კონფერენციაზე – TWIC კონფერენცია, სიახლე
2023 წლის 1 ივლისს საქართველოს პრეზიდენტის პატრონაჟით გაიმართა თბილისის ქალთა მე-2 საერთაშორისო კონფერენცია (TWIC), რომელიც მოიცავდა კონფლიქტების, მშვიდობის, კულტურული მემკვიდრეობის დაცვის, უსაფრთხოების, ლიდერობისა და საქართველოს ევროინტეგრაციის საკითხებს. მაღალი დონის ღონისძიების ინკლუზიური პლატფორმის ფარგლებში გაიმართა კონსტრუქციული დისკუსიები ქალების ძლიერი როლის აქცენტირებით კრიტიკულ სფეროებში.
ICOM საქართველოს თავმჯდომარემ ლანა ქარაიამ ICOM-ისა და ICOM საქართველოს სახელით მონაწილეობა მიიღო თბილისის ქალთა მე-2 საერთაშორისო კონფერენციის თემატურ პანელში „ქალები კულტურული მემკვიდრეობის დასაცავად კონფლიქტის დროს”. ლანა ქარაიამ განიხილა ICOM-ის მემკვიდრეობის დაცვის დეპარტამენტის საკვანძო მიმართულებები, სტრატეგია, ინსტრუმენტები და ხაზი გაუსვა ICOM-ის წითელი ნუსხისა და მუზეუმებისთვის საგანგებო გეგმის დოკუმენტის მნიშვნელობას. ამავე პანელის ფარგლებში, ლანა ქარაიამ ისაუბრა ICOM საქართველოს საქმიანობაზე (ცხინვალის რეგიონი და აფხაზეთი) და საგანმანათლებლო და პროფესიული კვალიფიკაციის ამაღლების რეგიონულ და საერთაშორისო პროექტებზე კონფლიქტის დროს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის მიმართულებით, მათ შორის მიმდინარე პროექტზე #SolidaritytoUkraine, რომელიც მიზნად ისახავს უკრაინის სამუზეუმო და მემკვიდრეობის სფეროს წარმომადგენლების ინტეგრაციასა და დასაქმებას საქართველოში და შეიარაღებული კონფლიქტის დროს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის შესახებ ცნობიერების ამაღლებას სხვადასხვა აქტივობების მეშვეობით. თემატური პანელის დისკუსიის ფარგლებში ლანა ქარაიამ ხაზი გაუსვა ორივე ორგანიზაციის მნიშვნელობას კულტურული მემკვიდრეობის დაცვის მიმართულებით.
TWIC – თბილისის ქალთა საერთაშორისო კონფერენცია, რომელიც ინიცირებულია საქართველოს პრეზიდენტის სალომე ზურაბიშვილის მიერ, წარმოადგენს მაღალი დონის პლატფორმას, რომლის მიზანია ქალების გაძლიერება კონსტრუქციული დისკუსიების გზით. TWIC აერთიანებს სახელმწიფოთა და მთავრობის მეთაურებს, მინისტრებს, საერთაშორისო და არასამთავრობო ორგანიზაციების ლიდერებს, მედიისა და სხვადასხვა ინდუსტრიის წარმომადგენლებს. ტრადიციული კონფერენციის ფორმატისგან განსხვავებით, ეს ღონისძიება არღვევს ბარიერებს მომხსენებლებსა და დამსწრეებს შორის და ღია დიალოგის მეშვეობით, ხელს უწყობს ყველა ქალის აქტიურ მონაწილეობას ცოდნის, გამოცდილებისა და ხედვების გაზიარების მიზნით. კონფერენცია მოიცავს მთავარ მოხსენებებსა და ცხრა სადისკუსიო პანელს, რომელზეც ექსპერტ მოდერატორების ხელმძღვანელობით, სხვადასხვა სფეროს ქალთა მიერ განიხილება, როგორც საზოგადოდ ცნობილი, ასევე ხშირად შეუმჩნეველი თემები.
კონფერენციის ვებ-გვერდი: www.tbilisiwomensconference.org
ფოტო-გალერეა
#TWIC #TbilisiConference #WomenforPeace #HeritageProtection #ICOM #ICOMGeorgia #Museums #მუზეუმები #მემკვიდრეობისდაცვა