Join ICOM

საქართველო

საქართველო

ICOM-ის საქართველოს ეროვნული კომიტეტი

All news

August 26, 2021

ICOM საქართველოს პრეზიდენტის გარდაცვალება განცხადება

ღრმა მწუხარებით გაცნობებთ, რომ გარდაიცვალა პროფესორი ინგა ქარაია, ICOM საქართველოს ეროვნული კომიტეტის პრეზიდენტი, ჰუმანიტარულ მეცნიერებათა დოქტორი, სამხატვრო აკადემიის მუზეუმის ხელმძღვანელი, მუზეოლოგიის სამაგისტრო პროგრამის ხელმძღვანელი და ლექტორი, კავკასიის უნივერსიტეტის პროფესორი.
ინგა ქარაია გახლდათ სამუზეუმო საქმის მაღალი რანგის პროფესიონალი და საერთაშორისო მასშტაბის მეცნიერი. განუზომელია მისი ღვაწლი სამუზეუმო და სახელოვნებო სფეროში:

  • 2003 წელს კოლეგებთან ერთად დააფუძნა საქართველოს მუზეუმების ასოციაცია;
  • 2004 წლიდან მისი ინიციატივით დაიწყო საქართველოს მუზეუმების რეფორმებისა და განვითარების პროგრამა, რომელსაც სიცოცხლის ბოლო წუთამდე აქტიურად ხელმძღვანელობდა;
  • 2007 წელს კოლეგებთან ერთად დააფუძნა ICOM-ის საქართველოს ეროვნული კომიტეტი და დაფუძნებიდანვე მისი არაერთი მცირე, თუ მასშტაბური პროექტის ინიციატორი და განმახორციელებელი იყო ეროვნულ, რეგიონულ და საერთაშორისო დონეზე.
  • 2010 წლიდან იყო ICOM-ის მრჩეველთა საბჭოს წევრი.
  • 2012 წელს თბილისის სახელმწიფო სამხატვრო აკადემიაში დააფუძნა და ხელმძღვანელობდა მუზეუმმცოდნეობის სამაგისტრო პროგრამას, რომლის კურსდამთავრებულები დღეს არაერთ მუზეუმში მუშაობენ და აქტიურად არიან ჩართულნი სამუზეუმო სფეროს პროცესებში;
  • მისი ინიციატივით და ავტორობით საქართველოსა და სამხრეთ კავკასიის რეგიონში რეგულარულად იმართებოდა კულტურული მემკვიდრეობის დაცვისა და მუზეუმმცოდნეობის საკითხებთან დაკავშირებული ადგილობრივი და საერთაშორისო ფორუმები და კონფერენციები.
  • სხვადასხვა დროს მუშაობდა საქართველოს კულტურის სამინისტროში, ეროვნულ გალერეაში, ისტორიის, არქეოლოგიისა და ეთნოგრაფიის ინსტიტუტში;
  • მისი ავტორობით და რედაქტორობით გამოიცა სამუზეუმო სფეროს არაერთი მეთოდოლოგიური სახელმძღვანელო, საქართველოს და თბილისის მუზეუმების გზამკვლევები;
  • არაერთი სამეცნიერო ნაშრომის, პუბლიკაციისა და წიგნის ავტორი;
  • მისი ავტორობით განხორციელებული მასშტაბურო პროექტების საფუძველზე დაიწყო საქართველოს მუზეუმების პოპულარიზაციისა და მათი მსოფლიო სამუზეუმო სივრცეში ინტეგრაციის პროცესი.
    და სხვა არაერთი ღვაწლი და წვლილი…

ICOM საქართველო უსამძიმრებს პროფ. ინგა ქარაიას გარდაცვალებით გამოწვეულ აუნაზღაურებელ დანაკლისს მის ოჯახს, მეგობრებს, კოლეგებს, სტუდენტებს, სამუზეუმო საზოგადოებასა და სახელოვნებო სფეროს წარმომადგენლებს.

[instagram-feed]